მოსწავლის შეფასება 5 დონის მიხედვით - სოლო ტაქსონომიის უპირატესობები
23-06-2022

მასწავლებლები მოსწავლეებს სუბიექტური დამოკიდებულებით არ უნდა აფასებდნენ. მათ სწორად უნდა განსაზღვრონ თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები, ამისთვის კი სხვადასხვა ხერხი და საშუალება არსებობს.

მოსწავლეთა სწავლის შეფასებისთვის ცნობილია სოლო (SOLO) ტაქსონომია, რომელიც 1982 წლიდან იღებს სათავეს. სოლო ტაქსონომია სწავლის შედეგების კლასიფიკაციის საშუალებაა. მისი მიზანია მოსწავლეთა კოგნიტური განვითარების დონის განსაზღვრა სწავლის პროცესში. აღნიშნული ტაქსონომიის მიხედვით, მარტივია დადგენა, როგორ იაზრებს მოსწავლე იმას, რასაც სწავლობს. დონის დადგენის შემდეგ კი მასწავლებლისთვისაც მარტივდება გეგმის შედგენა, თუ როგორ დაეხმაროს ბავშვს სასწავლო პროცესში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სოლო ტაქსონომიის დონეების მიხედვით მოსწავლის ცოდნის განსაზღვრა და განმავითარებელი შეფასების მიცემა ეფექტურ შედეგს იძლევა.

სოლო ტაქსონომიის ხუთი დონე:

პრე-სტრუქტურული დონე – მოსწავლე საერთოდ ვერ იაზრებს საკითხს, იყენებს შეუსაბამო ინფორმაციას ან საერთოდ სცდება საკითხს.

უნისტრუქტურული დონე – მოსწავლეს შეუძლია მხოლოდ ერთი ასპექტის განხილვა და მარტივი, ცხადი კავშირების დამყარება, ასევე შეუძლია ტერმინოლოგიის გამოყენება, გახსენება, ზეპირად გადმოცემა, მარტივი ინსტრუქციების შესრულება, ამოცნობა, დასახელება, თუმცა ინფორმაციის ფართო მნიშვნელობა არ არის გაგებული.

მულტისტრუქტურული დონე – მოსწავლეს შეუძლია რამდენიმე ასპექტის განხილვა განცალკევებულად, ერთმანეთთან კავშირის გარეშე, მას ასევე შეუძლია ჩამოთვლა, აღწერა, კლასიფიცირება, კომბინირება, მეთოდების გამოყენება, პროცედურების შესრულება, მაგრამ მთლიანობის მნიშვნელობა არ არის მისთვის გასაგები.

მიმართებადი დონე – მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს კავშირი რამდენიმე ასპექტს შორის, აგრეთვე ისიც, თუ როგორ ერგება ეს ასპექტები ერთმანეთს და ქმნის მთლიანობას. ამ დონეზე მოსწავლეს აქვს იმის უნარი, რომ შეადაროს, დააკავშიროს, გააანალიზოს, გამოიყენოს თორია, ახსნას საკითხი მიზეზებისა და შედეგების კუთხით.

გაფართოებული აბსტრაქტული დონე – მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურის განზოგადება მოცემულის მიღმა, სტრუქტურის აღქმა მრავალი სხვადასხვა კუთხიდან და იდეების გადატანა ახალ სფეროში. მას შეუძლია ჰიპოთეზის წამოყენება, კრიტიკა ან თეორიის ჩამოყალიბება. ამ დონეზე მოსწავლეს შეუძლია შეასრულოს კავშირები არა მარტო მოცემულ საგნობრივ ჭრილში, არამედ ასევე შეუძლია კავშირი დაამყაროს მის მიღმა. შეუძლია პროგნოზირება, შეფასება, შექმნა და ასახვა.

სოლო ტაქსონომიის უპირატესობა ისაა, რომ მისი სტრუქტურა ეხმარება მოსწავლეს საკუთარი აზროვნების ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენაში, გარდა ამისა, ტაქსონომიის ერთ-ერთი დადებითი მხარეა ის, რომ მასწავლებლებს უადვილდებათ მოსწავლის დონის განსაზღვრა და უკეთესად ეხმარებიან მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203