მასწავლებელთა გამოცდაზე 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. მათ საშუალება ექნებათ ჩააბარონ 3 სახის გამოცდა: საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და პროფესიული უნარების, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
საგამოცდო დროის ხანგრძლივობა მასწავლებელთა ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მაგალითად, სტატუსის ამაღლების მსურველები მიიჩნევენ, რომ 4 საათი საკმარისი არაა წამყვანობისა და მენტორობისთვის დადგენილი ზღვარის გადასალახად.
საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 4 საათია საგნის გამოცდებზეც გარდა ბიოლოგიისა, რომელსაც 3 საათი და 30 წუთი ეთმობა. სპორტისთვის 2 საათი და 30 წუთია განკუთვნილი, უცხოური ენის მოსმენის, წერით და კითხვის ნაწილში აპლიკანტს 4 საათი ექნება სამუშაოდ, მეტყველების ნაწილში კი - 15 წუთი. რაც შეეხება არაქართულენოვანი სკოლებისთვის წარმომადგენელთა ქართული ენის გამოცდას - 4 საათი და 30 წუთი დაეთმობა მოსმენის, კითხვის, წერისა და პროფესიული ცოდნის ნაწილს, ლაპარაკის ნაწილში კი დამატებით 15 წუთია განკუთვნილი.
გაჩნდა კითხვები - დაემატებათ თუ არა საგამოცდო დრო პედაგოგებს, რომლებიც განკუთვნილ დროში ტესტზე მუშაობას ვერ დაასრულებენ? ან მათ, რომლებიც საგამოცდო დროის გასვლის შემდეგ „შავი ფურცლებიდან“ პასუხების ფურცელში გადატანისთვის დამატებით დროს მოითხოვენ? იქნებ შეღავათი იმ მასწავლებლებს ჰქონდეთ, რომლებიც ემოციური ფონის გამო ტესტზე მუშაობას გვიან დაიწყებენ?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ დრო არავის დაემატება გარდა იმ პირებისა, რომლებსაც სამედიცინო ცნობით დადასტურებული ფუნქციონალური დარღვევები აქვთ! გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მეთვალყურე ან კურატორი აპლიკანტებს შეახსენებს დროს, რათა ყველამ დროულად დაასრულოს ტესტზე მუშაობა.
ცნობისთვის, დარეგისტრირებულებიდან საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტი - უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გადის, ხოლო 12 500-ზე მეტი - წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდაზე.
იხილეთ ასევე: მასწავლებლის გამოცდებზე ტესტის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო გამოქვეყნდა
„ნაეკმა“ 433 გამოსაცდელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო