თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „პი“ რიცხვის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს
26-03-2018
თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკის ფესტივალში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა სკოლის დირექტორის მანანა კიკაჩეიშვილის და პედაგოგის ლელა ხუნაშვილის ხელმძღვანელობით, ფესტივალზე მათემატიკის თემაზე შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს, გამართეს ფლეშმობი, მოეწყო „პი“ რიცხვის კონკურსი.
თავი განსაკურებით გამოიჩინა მე-8გ კლასის მოსწავლე ბექა რუხაიამ, მან დაიმახსოვრა „პი“ რიცხვის თანრიგში 453 ციფრი. რუბიკის კუბის სწრაფად აწყობაში კი მეორე ადგილი დაიკავა მე-10გ კლასის მოსწავლემ ვახტანგ გამცემლიძემ. ვახტანგს სიგელი და საჩუქრები გადაეცა. ამავე დღეს სკოლამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტში π რიცხვის შესახებ პროფ. ილია თავხელიძის ლექციის მოსასმენად ხუთი მოსწავლე - გიგა ბაშარული, ანი კანდელაკი, ანი მუმლაძე, ეკატერინე მაშჩენკო და თამარ გაბაშვილი გაგზავნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინეს და ამოცანები ამოხსნეს, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა კრეატიული იდეების წახალისებას და სწავლის მოტივაციის ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ თემატიკაზე, მე-8გ, მე-9გ, მე-10დ და მე-12ბ კლასებში „ჯეოსელის მომავლის კლასში“ გაკვეთილები ჩატარდა.
ასევე შიდა სასკოლო პროექტი განხორციელდა. მოსწავლეებმა ფლაერები დაარიგეს და თანატოლებს პროექტის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. სკოლის მოედანზე მოზარდებმა იცეკვეს. მოსწავლეები განლაგდნენ „პი“ რიცხვის ფორმაზე. ღონისძიებას პედაგოგი ნინო გიორგობიანი ხელმძღვანელობდა.
სკოლის აღსაზრდელების მიერ გაფორმებულ დარბაზში გაიმართა ნამუშევრების გამოფენა, ელექტრონული პრეზენტაციების განხილვა, დამსწრე საზოგადოებამ იხალისა „პი“ რიცხვისადმი მიძღვნილი მათემატიკური ხუმრობებით, ლექსებითა და ჩანახატებით. ღონისძიების ბოლოს პროექტში მონაწილე მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.