,,მზის შვილები თბილი სხივებით გაგვათბობენ!“ - ასპინძის საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა
26-03-2018
ასპინძის  საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღია გაკვეთილი  ,,გავუფერადოთ ერთმანეთს ცხოვრება და მზის შვილები თბილი სხივებით გაგვათბობენ!“ ჩატარდა. 

გაკვეთილს სპეციალური მასწავლებლები - დიანა ბერიძე და ნინო მურადაშვილი ხელმძღვანელობდნენ.  


პედაგოგებმა სასწავლო პროცესში მინი ლექციისა და კითხვა- პასუხის მეთოდი გამოიყენეს.
   
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო, დაუნის სინდრომის შესახებ მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება და კამპანიაში- „წინდამინდა" ჩართულობის გაზრდა. 

გაკვეთილი სააქტო დარბაზში ჩატარდა, მასში მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოზარდებმა ინტერესითა და ყურადღებით მოისმინეს დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაცია, გაეცნენ დაუნის სინდრომის მქონე წარმატებულ ადამიანთა ცხოვრება-მოღვაწეობასა და მიღწევებს. სკოლის აღსაზრდელებმა აგრეთვე ვიდეო-კლიპი ნახეს, სადაც ჟესტების ენით ნაჩვენებია, ორმოცდაათი დედისა და ამავე რაოდენობის ოთხი წლის ბავშვის ემოცია სიყვარულსა და თანადგომაზე.

„ვიდეოს ხილვამ მათი განწყობა შეცვალა, ყველას ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მთავარია მონდომება, სულისკვეთება და ის შეუზღუდავი გარემო, რომელიც ჩვენ უნდა შევუქმნათ, რათა გავუადვილოთ ერთმანეთს ცხოვრება“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიების ბოლოს სკოლის აღსაზრდელებმა დაათვალიერეს სკოლაში არსებული სტენდი, რომელზეც შარშან მათმა წინამორბედებმა გამოაკრეს, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ფოტოები. 

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს მსოფლიო 21 მარტს აღნიშნავს.
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203