2022-2023 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების გრიფირებული სახელმძღვანელოებით აღჭურვის მიზნით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს მიერ ტენდერის საშუალებით გამოვლინდა შემსრულებელი კომპანიები და გაფორმდა მათთან შესაბამისი ხელშეკრულებები.
ხელშეკრულებების შესაბამისად, ჯამში 10 822 944 ლარის ღირებულების, 3 793 606 ერთეული სახელმძღვანელო კომპლექტის (წიგნი და რვეული) დაიბეჭდება და ეტაპობრივად გადაეცემა საქართველოს მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებს.
ამჟამად სახელმძღვანელოების პირველი ნაწილი უკვე დაბეჭდილია და 1-ელ აგვისტომდე დარიგდება.
პარალელურად სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტო უზრუნველყოფს უცხო ენების შემსწავლელი სახელმძღვანელოების და არაქართული სექტორისთვის (რუსული, სომხური, აზერბაიჯანული) განკუთვნილი ბილინგური სახელმძღვანელოების შესყიდვას და შესაბამისად დარიგებას. 2022-23 სასწავლო წლისთვის სულ 562 ათასამდე ლარის ღირებულების 18 102 ცალი ბილინგური და 3 მილიონ 234 ათას ლარზე მეტი ღირებულების, ჯამში 98 561 ერთეული, უცხო ენების: ინგლისურის, გერმანულის და ფრანგულის სახელმძღვანელოს დარიგება მოხდება.
ცნობისთვის, „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2013 წლიდან, საქართველოს ყველა საჯარო სკოლის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს სასკოლო სახელმძღვანელოების სრული ნაკრებით (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი) უზრუნველყოფს.