პედაგოგების გამოცდებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ თითოეული რჩევა მნიშვნელოვანია. ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი ფუნქციურ/ანალიტიკურ წერასთან დაკავშირებით მასწავლებლებს რეკომენდაციებს აძლევს, რასაც Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:ზოგადი რჩევები ფუნქციურ/ანალიტიკურწერასთან დაკავშირებით
პედაგოგთა სასერტიფიკაციო ტესტირების ერთ-ერთი ნაწილი ფუნქციური/ანალიტიკური წერაა. წარმოგიდგენთ ფუნქციურ წერასთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებსა და კონკრეტულ მაგალითს. გაითვალისწინეთ: ქვემოთ მოცემული დავალება მხოლოდ ნიმუშია და არა საგამოცდო კითხვის ზუსტი ანალოგი.
ფუნქციური წერა - მაქსიმალური ქულა – 8
ინსტრუქცია: სათქმელი ჩამოაყალიბეთ ნათლად და გასაგებად. მკაფიოდ წარმოაჩინეთ პრობლემის არსი და დამაჯერებლად დაასაბუთეთ საკუთარი მოთხოვნა.
გაითვალისწინეთ, ნაშრომი 140 სიტყვაზე ნაკლები არ უნდა იყოს.
დავალების პირობები:
რეგიონში არსებული მიკროკლიმატი იძლევა საშუალებას, რომ ადგილობრივებმა აწარმოონ უნიკალური ღვინო, ამისთვის ესაჭიროებათ ფინანსური და სარეკლამო მხარდაჭერა მეღვინეებს. მიმართეთ N სარეკლამო და N ფინანსურ ორგანიზაციებს ერთი დოკუმენტით, რომლითაც დაადასტურებთ მოთხოვნის საფუძვლიანობას.
საკურორტო ზონის დასუფთავებისთვის მიმართეთ მოხალისე ორგანიზაციის სახელით ადგილობრივ თვითმმართველობას, დაასაბუთეთ დასუფთავებისა და მხარდაჭერის აუცილებლობა.
სოციალური ქსელის საშუალებით მიმართეთ აქტიურ მოქალაქეებს N ურბანული ზონის გამწვანების აქციის მოწყობის შესახებ. დაასაბუთეთ აქციის მოწყობის აუცილებლობა და წარმადგინეთ მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაცია.
მასწავლებელთა პროფესიული ჯგუფის სახელით წარმოადგინეთ N პროფკავშირული ორგანიზაციის მისამართით პედაგოგთა საჭიროებების შესახებ დასაბუთებული მოთხოვნა და წარმოადგინეთ მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაცია.
მოსწავლეთა თვითმმართველობის სახელით მიმართეთ N ქალაქის მერს, რათა სკოლაში კომპეტენტურმა პირმა ჩაატაროს ლექცია თვითმმართველობის შესახებ. დაასაბუთეთ მოთხოვნა და წარმოადგინეთ მოსალოდნელი შედეგის შესახებ ინფორმაცია.
კრიტერიუმი 1. მოთხოვნის ჩამოყალიბება - სათქმელი ნათლად და გასაგებად არის ჩამოყალიბებული - 2 ქულა (წინააღმდეგ შემთხვევაში - 1 ან 0);
კრიტერიუმი 2. მსჯელობის დასაბუთება - მოთხოვნა დანაჯერებლადაა არგუმენტირებული - 2 ქულა (წინააღმდეგ შემთხვევაში - 1 ან 0)
კრიტერიუმი 3. ნაშრომის აგება - ნაწერის სტრუქტურა გამართულია, აზრები მწყობრადა და თანმიმდევრულადაა გადმოცემული, მსჯელობის ნაწილები ლოგიკურადაა დაკავშირებული ერთმანეთთან - 1 ქულა ( სხვა შემთხვევაში - 0).
კრიტერიუმი 4. სტილი, ლექსიკა - სტილი გამართულია, ლექსიკა მდიდარია, თხრობის ტონი თემასთან მიმართებაში ადეკვატურია - 2 ქულა (წინააღმდეგ შემთხვევაში - 1 ან 0);
კრიტერიუმი 5. სინტაქსი, მორფოლოგია, პუქტუაცია - არ არის დაშვებული 10 შეცდომაზე მეტი - 1 ქულა (სხვა შემთხვევაში - 0).
აქვე წარმოგიდგენთ ზოგად რეკომენდაციებს ფუნქციურ-ანალიტიკურ წერასთან დაკავშირებით:
ნებისმიერი წერილობითი ტექსტი უნდა იყოს ენობრივად გამართული. სალიტერატურო ნორმების დაცვა მეტყველებს თქვენს განათლებასა და პროფესიულ დონეზე. ეცადეთ, რომ არ გახვიდეთ პროფესიული „ჩარჩოებიდან“, არ მოიხმოთ ემოციური ლექსიკა და მხატვრული ხერხებით ნუ დახუნძლავთ ნაშრომს.
წერეთ მარტივი და გასაგები, არაორაზროვანი წინადადებებით. თქვენ მიერ გადმოცემული აზრი უნდა იყოს მკაფიოდ და კონკრეტულად ჩამოყალიბებული.
თავი აარიდეთ ბუნდოვან, რომანტიზებულ, სენტიმენტურ, ზედმეტად ემოციურ, ორაზროვან და არაფრისმთქმელ ფრაზებს, რათა თქვენი გზავნილი ადრესატმა სათანადოდ და ადეკვატურად აღიქვას.
ტექსტის ძირითადი სათქმელი, როგორც წესი, კონცენტრირებულია თეზისში. თეზისი, ანუ ძირითადი დებულება, არის ორ ან მეტწინადადებიანი მონაკვეთი, რომელშიც გამოთქმულია ავტორის მთავარი სათქმელი. იმდენად, რამდენადაც შემდგომი მსჯელობა სწორედ თეზისის მიხედვით აიგება, ძალიან მნიშვნელობანია ძირითადი დებულების მკაფიოდ და კარგად ჩამოყალიბება, შემდგომში კი მისი დასაბუთება.
არგუმენტირება საკითხის დასმის შემდეგ აუცილებელია მისი განვრცობა და სათანადო არგუმენტებით დასაბუთება. არგუმენტაციის გარეშე ნებისმიერი დებულება კარგავს ფასს. საქმიან დოკუმენტაციაში არგუმენტად გამოიყენება სტატისტიკა, ფაქტები, არსებული ვითარება, საერთაშორისო გამოცდილება, ავტორიტეტთა მოსაზრებები და ა. შ.
დასკვნა ზოგიერთი ტიპის საქმიან წერილობით ტექსტში აუცილებელია სათქმელის შეჯამება და დასკვნის წარმოდგენა, რათა ადრესატისთვის უფრო დამაჯერებელი, კონკრეტიზებული და მოცულობითი იყოს სათქმელი. ზოგიერთ საქმიან დოკუმენტში კი დასკვნა არის სწორედ ძირითადი მოთხოვნა/თხოვნა.
როდესაც თხოვნით/მოთხოვნით მიმართავთ რომელიმე ორგანიზაციას/ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ჯერ კარგად ახსენით არსებული ვითარება, ჩამოაყალიბეთ თქვენი სათქმელი, თხოვნის შინაარსი, რათა ადრესატისათვის ნათელი და გასაგები იყოს თქვენი კონკრეტული მოთხოვნის არსი. შემდეგ მოიყვანეთ სათანადო არგუმენტები, რომელთა საშუალებითაც დაარწმუნებთ მას, რომ თქვენი მოთხოვნა არის მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი. ბოლოს დასკვნის სახით კიდევ ერთხელ კონკრეტულად შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი თხოვნა და შეაჯამოთ სათქმელი.