წესები, რომლებიც გამოცდაზე უნდა დაიცვათ - მეორე გაფრთხილებაზე აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნება
01-07-2022
გამოცდაზე მოქცევის წესები ყველა გამოსაცდელის უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება. ამ წესებით უზრუნველყოფილია სექტორში სამუშაო პირობების შექმნა და პროცესის სამართლიანად და ობიექტურად წარმართვა.
 
• გაითვალისწინეთ, რომ მერხზე არ უნდა დააწყოთ არც ერთი ნივთი, გარდა იმ ნივთებისა, რომლებიც გამოცდის დაწყებამდე დაგირიგდათ. წყალი პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადგათ იატაკზე;
• პასუხების ფურცელს დაკვირვებით გადახედეთ კურატორთან ან მეთვალყურესთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ის დაუზიანებელია, რის შემდეგაც სექტორის უწყისში მოაწერთ ხელს დაუზიანებელი პასუხების ფურცლის მიღების თაობაზე (ხარვეზიანი პასუხების ფურცელი შეიცვლება);
• პასუხების ფურცელზე კურატორის ან მეთვალყურის მიერ დაკრული შტრიხკოდის ნომერი თავად გადაიტანეთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში;
• კურატორს ან მეთვალყურეს მხოლოდ ხელის აწევით შეგიძლიათ მიმართოთ;
• ტესტზე მუშაობის დაწყება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეთვალყურე ან კურატორი მოგცემთ მითითებას და დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა;
• თუ დროზე ადრე დაასრულებთ ტესტზე მუშაობას და პასუხების ფურცლის შევსებას, ხელის აწევით ანიშნეთ მეთვალყურეს ან კურატორს, რომლებსაც დადგენილი წესით ჩააბარებთ შავი სამუშაოსათვის განკუთვნილფურცელსა და პასუხების ფურცელს, რასაც დაადასტურებთ უწყისში ხელმოწერით და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებთ საგამოცდო სექტორს;
• გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მეთვალყურე ან კურატორი შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა;
• დრო არავის დაემატება (გარდა იმ პირებისა, რომლებსაც სამედიცინო ცნობით დადასტურებული ფუნქციონალური დარღვევები აქვთ).
 
გამოსაცდელი გაფრთხილებას მიიღებს შემდეგ შემთხვევებში:

• კურატორის ან მეთვალყურისათვის ტესტის შინაარსთან დაკავშირებული კითხვების დასმა;
• საგამოცდო პროცესის დროს საუბარი, ერთმანეთთან გადალაპარაკება ან რაიმე ფორმით ერთმანეთის დახმარების მცდელობა;
• მეთვალყურის ან კურატორის მითითებამდე ტესტზე მუშაობის დაწყება;
• საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება;
• სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება;
• ნებადართული ნივთების გარდა სამუშაო მაგიდაზე სხვა ნივთების აღმოჩენა;
• პასუხების ფურცლის შესავსებად ცენტრის ან ცენტრის მიერ ნებადართული კალმის გარდა  სხვა  კალმის გამოყენება;
• პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

ერთი გაფრთხილების შემდეგ იმავე ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.
 
გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნება პირი:

• ლექსიკონის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს გამოცდაზე შეტანისა და მათი თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში;
• დამხმარე მასალის გამოყენების ან აღმოჩენის შემთხვევაში;
• წესრიგის უხეში დარღვევის, აგრეთვე, საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან ამის მსგავს შემთხვევაში;
• ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში; 
• გამოსაცდელი უნდა დაემორჩილოს გამოცდის კურატორის, მეთვალყურის ან სხვა პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილებას, მათ შორის, გამოცდიდან მოხსნის შესახებ;
• საგამოცდო პროცესის მონაწილე რომელიმე პირის/პირების მიერ დადგენილი პროცედურის დარღვევის შემთხვევაში, უფლება გაქვთ იმავე დღეს წარმოადგინოთ საპრეტენზიო განაცხადი საგამოცდო ცენტრის შენობაში.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203