რიცხვით სახელთა მართლწერის წესები, რომელთა ცოდნაც გამოცდების პერიოდში ყველას დასჭირდება 
01-07-2022
რიცხვით სახელთა მართლწერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც აბიტურიენტებმაც და მასწავლებლებმაც უნდა იცოდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში არაერთი ცვლილება შევიდა მართლწერის საკითხებში გთავაზობთ, თანდებულიან და ნაწილაკდართულ რიცხვით სახელთა მართლწერას: 

1. რაოდენობითი რიცხვითი სახელის ციფრ(ებ)ით გამოსახვისას დეფისით უნდა გამოიყოს თანდებულები და ბრუნვის ნიშნები, სახელობითი ბრუნვის ნიშნის გარდა: 15-ვით, 25-ის(ა)თვის, 38- ის(ა)კენ, 59-ის(ა)გან, 22-ში, 35-ზე, 16-თან, 8-იდან, 5-ამდე, 287-ამდე, 26-ამდე.

2. რიგობით რიცხვით სახელთა რომაული ციფრით გამოსახვისას დეფისით უნდა გამოიყოს ბრუნვის ნიშანი, თანდებული და ნაწილაკი. მაგალითად: XV-სღა, დავით IV-ის(ა)თვის, ვახტანგ VI- ის(ა)გან, ერეკლე II-ისგანაც, გიორგი III-სვე.

3. რიგობითი რიცხვითი სახელების არაბული ციფრით გამოსახვისას დეფისით უნდა გამოიყოს ბრუნვის ნიშანი, თანდებული, ნაწილაკი და რიგობითობის მაწარმოებელი აფიქსი. მაგალითად: დავით მე-4-ის(ა)თვის, ვახტანგ მე-6-ის(ა)გან, ერეკლე მე-2-ისგანაც, 38-ემღა...

გასარკვევია, როგორ დაიწეროს -მდე და -დან თანდებულებიანი რიცხვითი სახელები. ასეთ ფორმებში უნდა შენარჩუნდეს ბრუნვის ნიშანიცა და თანდებულიც. ამიტომ დაიწერება ამგვარად: 5-იდან, 27-იდან, 43-იდან... 8-იდან, 9-იდან, 28-იდან, 29-იდან... მცდარია ამ ფორმათა ბოლო ხანს გავრცელებული შემდეგი დაწერილობა: 5-დან, 27-დან, 43-დან... ხოლო -მდე/ამდე თანდებულიანი ფორმები დაიწერება ასე: 5-ამდე, 287-ამდე, 26-ამდე, 57-ამდე... რაც შეეხება ხმოვანფუძიან რიცხვით
სახელებს, რვასა და ცხრას (ან მათ შემცველ სხვა რთულ რიცხვით სახელებს), მათ დაერთვის -მდე (და არა -ამდე). შესაბამისად, დაიწერება ასე: 8-მდე, 9-მდე, 28-მდე, 29-მდე..

-ც
და -ღა ნაწილაკები რიცხვით სახელს (ისევე როგორც სხვა სახელებს) ბრუნვის ნიშნის შემდეგ დაერთვის, ამიტომ ამ ნაწილაკებდართული რაოდენობითი რიცხვითი სახელები ისე უნდა დაიწეროს, როგორც თანდებულიანი ფორმები: 2-ღა, 2-მაღა, 2-სღა, 2-ისღა, 2-ითღა, 2-ადღა; 2-ც, 2-მაც, 2-საც, 2-ისაც, 2-ითაც, 2-ადაც... ბრუნვის ნიშნების გამოყოფის გარეშე ვერ მოხერხდება კონტექსტის სათანადოდ გააზრება. მაგალითად: 2-სღა დარჩა მოსატანი წიგნები თუ 2-ღა დარჩა მოსატანი წიგნები? რა თქმა უნდა, 2-სღა დაწერილობის გარეშე აზრი გაუგებარი რჩება. ამიტომ მართებული იქნება -ღა ნაწილაკთან ერთად ბრუნვის ნიშანიც (სახელობითი ბრუნვის ნიშნის გარდა) გამოიყოს დეფისით. ამგვარად, -ღა და -ც ნაწილაკებიან რიცხვით სახელებთან ბრუნვის ნიშნები დაიწერება: 2-ღა, 2-მაღა, 3-ისღა, 27-ღა, 32-მაც, 10-ც, 10-საც და ა. შ.

დამაატებითი დეტალების სანახავად გადადით ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203