პედაგოგები ანაზღაურებად შვებულებას ითხოვენ - მიმართვა საჯარო სკოლის დირექტორებს
02-07-2022
გაუხანგრძლივდეთ პედაგოგებს შრომითი ხელშეკრულება და მიეცეთ ანაზღაურებადი შვებულებით გაატარონ - აღნიშნული მოწოდებით პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირმა საჯარო სკოლის დირექტორებს მიმართავს. ანაზღაურებადი შვებულების არ ქონის წინაშე ის პედაგოგები აღმოჩნდნენ რომლებსაც სტატუსი არ აქვთ და სკოლაში მოწვეული მასწავლებლის რეგალიით იყვნენ დასაქმებულები - ამის შესახებ etaloni.ge- ს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წერდა.

მასწავლებლების პრობლემას პედაგოგთა პროფკავშირი გამოეხმაურა, რომლის განცხადებასაც უცვლელად გთავაზობთ:

„მოწვეული მასწავლებლები“ და ანაზღაურებადი შვებულება - სპმთპ-ის მოწოდება დირექტორებს!

სპმთპ-ს მომართავენ პედაგოგები, რომლებიც გვატყობინებენ, რომ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში თავდაუზოგავი და უწყვეტი მუშაობის მიუხედავად, ვერ ახერხებენ ანაზღაურებადი შვებულების თანხის მიღებას.

საქმე ეხება პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებთანაც მოწვეული მასწავლებლების სტატუსით გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებები. მათ აქვთ შანსი, უახლოეს მომავალში გავიდნენ გამოცდაზე და მოიპოვონ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ ასეთ პედაგოგთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება მოწვეული მასწავლებლის სტატუსით და ერთის მხრივ, სკოლამ შეინარჩუნა გამოცდილი კადრი და მეორეს მხრივ, ადამიანებს მიეცათ კიდევ ერთი შანსი პროფესიაში დარჩენის.

თუმცა, პრობლემა წარმოშვა იმან, რომ მოწვეული მასწავლებლების ნაწილთან შრომით ხელშეკრულება გაფორმდა სასწავლო პროცესის დასრულებამდე ვადით - ივნისამდე და არა კონკურსის ჩატარების შედეგად ვაკანტური პოზიციის შევსებამდე ვადით (ეს კატეგორია ჩვეულებრივად ისარგებლებს ანაზღაურებადი შვებულებით). სწორედ ამიტომ, საზაფხულო არდადეგების დაწყების დღისთვის, როდესაც მასწავლებლები, როგორც წესი, გადიან კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაში, მოწვეული მასწავლებლების ნაწილი აღმოჩნდა სკოლის გარეთ და ვერც ანაზღაურებადი შვებულების თანხას იღებს, ვინაიდან ორგანული კანონის - „საქართველოს შრომის კოდექსის“ თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად მხოლოდ მაშინ, თუ დამსაქმებელი საკუთარი ინიციატივით წყვეტს შრომით ხელშეკრულებას. განსახილველ შემთხვევაში კი შრომითი ხელშეკრულება წყდება არა დამსაქმებლის ინიციატივით, არამედ ივნისის თვეში ვადის გასვლის გამო.

ვფიქრობთ, დირექტორების სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა, თუ ამ მოწვეულ მასწავლებლებთან გაგრძელდება შრომითი ხელშეკრულებები კონკურსის გამოცხადების შედეგად ვაკანტური პოზიციის შევსებამდე ვადით. მითუმეტეს, რომ მოწვეული მასწავლებლების ნაწილთან ისედაც ვაკანსიის შევსებამდე ვადითაა გაფორმებული ხელშეკრულებები და მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ.

ასეთი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, ვინაიდან მოწვეულმა მასწავლებლებმა ისევე თავდადებით იმუშავეს მოსწავლეებთან და იგივე შრომა გასწიეს, რაც მათმა კოლეგებმა, რომლებიც ჩვეულებრივ იღებენ კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების თანხას. ამასთანავე, გამოცდაზე გასვლის შედეგად, სავარაუდებელია, რომ მათი ნაწილი უახლოეს მომავალში მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს და დარჩება პროფესიაში.

ვფიქრობთ, არ უნდა ჩავუყაროთ მოწვეულ მასწავლებლებს წყალში მთელი წლის ამაგი და სკოლებმა მათ უნდა მისცენ კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება, გაწეული შრომის სანაცვლოდ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს „მოწვეული მასწავლებლები“ გუშინ არ მოსულან სკოლებში და ხშირ შემთხვევაში, ათეულობით წლის სტაჟი გააჩნიათ საყვარელ პროფესიაში მოღვაწეობის. ამ ადამიანების დატოვება შვებულების თანხის გარეშე საზაფხულო არდადეგების პერიოდში, დაუშვებელია და არ იქნება კარგი სტიმული უმნიშვნელოვანესი გამოცდების წინ.

იმედი გვაქვს, საჯარო სკოლების დირექტორები გაითვალისწინებენ სპმთპ-ის ამ მოწოდებას და მიიღებენ ერთადერთ სამართლიან გადაწყვეტილებას პედაგოგების სასარგებლოდ!
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203