2022 წლის გამოცდებზე დარჩენილი ერთადერთი რეგულაცია და ფოტოები საგამოცდო სექტორებიდან
03-07-2022

თბილისის N177 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, ადგილზე გვენახა საგამოცდო სექტორები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ გაგვაცნო ის წესები და პროცედურები, რომლებიც საგამოცდო პროცესის უცვლელი ნაწილია.

ხვალ, 2022 წლის გამოცდები ერთიანი ეროვნული გამოცდებით იწყება. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განგვიცხადა, ამჟამად საგამოცდო მზადება დასრულებულია და  ყველა საგამოცდო ცენტრი მზად არის გამოსაცდელების მისაღებად. 

მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილი 22 საგამოცდო ცენტრი წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ 41 000-ზე მეტ აბიტურიენტს მოემსახურება. 

რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე, თავად გამოცდა კი  09:00 საათზე დაიწყება. მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყების დროა 14:00 საათი, გამოცდისა კი - 15:00 საათი. 

ინფორმაცია საგამოცდო ცენტრის მისამართის, თითოეული გამოცდის თარიღის, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დროისა და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესახებ მითითებულია საგამოცდო ბარათზე. 

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აბიტურიენტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

სოფიო გორგოძის თქმით, თუ მოხდა ისეთი შემთხვევა, რომ გამოსაცდელს სახლში დარჩა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა „აპლიკანტი არ უნდა დაბრუნდეს სახლში, რომ არ დააგვიანოს, რადგან დაგვიანების შემთხვევაში არ შევუშვებთ, პირადობის დარჩენის შემთხვევაში ცოტა გრძელი პროცედურა გვაქვს, მაგრამ მაინც შეგვიძლია გამოცდაზე დავუშვათ“,- აღნიშნავს გორგოძე. 

მისი თქმით, ხვალ დილის 6-საათიდან უკვე გაიხსნება საგამოცდო ცენტრები.

„შეიძლება ითქვას რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სულ მზადყოფნაშია ერთიანი ეროვნული გამოცდების და სხვა გამოცდების დასაწყებად. ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში უკვე ადგილზე იმყოფება ყველა ჩვენი თანამშრომელი, გუშინ მოხდა ყველა ტექნიკური მოწყობილობის გამოცდა, დღეს გვაქვს, ყველა თანამშრომლის ჩართულობით, მთელი ამ საგამოცდო პროცესის ე.წ. მოდელიერება. ჩვენ ამას გენერალურ რეპეტიციას ვუწოდებთ, ასე რომ, ხვალ, დილის 6-საათიდან უკვე გაიხსნება საგამოცდო ცენტრები და 8-საათიდან ველოდებით დილის სესიის აბიტურიენტებს, ხოლო 2-საათიდან - შუადღის სესიის აბიტურიენტებს. 

პედაგოგები და პედგოგობის მსურველები ამ პროცესს შემოუერთდებიან 6-ივლისიდან. მათთვის ეს პროცესი 22 ივლისს დასრულდება. წელს, გამოცდაზე გამომცდელთა უპრეცედენტო რაოდენობაა დარეგისტრირებული, აბიტურიენტი გვყავს 41 000-ზე მეტი, პედაგოგობის მსურველთა რაოდენობამაც მოიმატა და ჯამში გვყავს 90 000-ზე მეტი გამოსაცედლი“, - აღნიშნავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ წელს საგამოცდო ცენტრებში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმებულია, აპლიკანტები აღარ გაივლიან თერმოსკრინინგს, გამოსაცდელთა მაგიდებს კი აღარ აქვთ დამცავი ბარიერები. გამოცდებზე შენარჩუნებულია ერთადერთი კოვიდრეგულაცია - იმ შემთხვევაში თუ, აპლიკანტს გამოცდის დღეს COVID-19 აქვს დადასტურებული, საიზოლაციო ვადა ჯერ არ არის გასული, გამოცდაზე გასვლის უფლება მხოლოდ დადასტურებიდან მე-8 დღეს მიეცემა.

„რაც შეეხება კოვიდრეგულაციებს მოგეხსენებათ, რომ წელს აღარ არის რეგულაციები. შენარჩუნდა მხოლოდ ერთი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, თუ აბიტურიენტს დადასტურებული აქვს კოვიდი იმ დღეს, როდესაც გამოცდაზე უნდა გამოვიდეს და არ არის კოვიდდადასტურებიდან 8 დღე გასული, ის უნდა დარჩეს სახლში და მას ჩვენ განმეორებით სესიას ჩავუტარებთ. ანუ, მას მხოლოდ და მხოლოდ ინფიცირებიდან მე-8 დღეს შუძლია გამოვიდეს გამოცდაზე. პირბადეს რაც შეეხება, იცით, რომ ეს რეგულაცია არ მოქმედებს და პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, თუმცა ჩვენს თანამშრომლებს ვისაც სურვილი აქვთ, რა თქმა უნდა, ისინი ატარებენ პირბადეს და ასევე, აბიტურიენტს თუ სურვილი აქვს შეუძლია თან იქონიოს და გაიკეთოს პირბადე“,-დასძენს გორგოძე. 

წელსაც ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად 2022 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადმინისტრირებას უწევს საერთო სამაგისტრო გამოცდას და სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, ასევე წარმართავს საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას.

იხილეთ ასევე: გამოცდაზე დაშვებული ნივთების სიას „ნაეკი“ აქვეყნებს

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203