დღეს ეროვნული გამოცდების პირველი დღეა - ამჟამად მეორე სესია მიმდინარეობს... აბიტურიენტები ღელავენ, თუმცა გულშემატკივრები უფრო მეტად...სანამ გაირკვევა, რა საკითხები დახვდათ აპლიკანტებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე, მშობლების კომენტარებს გაგაცნობთ, რომლებიც შეიძლება ითქვას, შვილებზე მეტად განიცდიან:
„თემებში ძლიერია და კარგად დაწერს“... - თავს იმშვიდებს ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელი... „ამ სიცხეში რა უნდა დაწერონ“?! - გაღიზიანებული პასუხობს მეორე და ბუმბულებიან მარაოს მთელი ძალით ინიავებს... მესამე კი აპროტესტებს, რომ გულშემატკივრებს საგამოცდო ცენტრის ეზოში დაცვა არ უშვებს.
„პირჯვრის წერით მოვედი“, - ქოთქოთით მიუახლოვდა მომლოდინეებს კიდევ ერთი გულშემატკივარი, „იმდენი ხალხი და ჭყლეტვა იყო, ნერვიულობდა. მითხრა, არ დამელოდოო, მაგრამ ვერ წავედი“, - ასე შეეცადა აეხსნა, თუ რატომ არ ტოვებდა „მოსაცდელ ადგილს“.
„ადრე ზოგი 20 წუთში გამოდიოდა და აქ ჯერ არავინ გამოსულა“? - მიიხედ-მოიხედა კიდევ ერთმა გულშემატკივარმა და თავისთვის უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, - „რომ გამოვლენ, ახლა დაიწყება, რა იყო, რა შეგხვდათ...“
„20 წუთში გამოსვლა არარეალურია“, - შეეპასუხა ერთ-ერთი მშობელი და განაგრძო, - „აი, მაგალითად, ჩემი შვილი თვითონ მხნედაა, დილით ეკლესიაში ვიყავით, ვილოცეთ, დავაწყნარე და ისე მოვედით“.
„ხოო, მაგული... გამოცდაზე ვართ!!! შესულია ბავშვი და ველოდები...“ - ლამის მეორე საგამოცდო ცენტრში გაისმა ერთ-ერთი გულშემატკივრის სატელეფონო საუბარი, რომელიც დაახლოებით 5 წუთი „მაგულის“ უხსნიდა, როგორ გულმოდგინედ მეცადინეობდა ბავშვი მთელი წელი და რომ დარწმუნებულია, უმაღლეს შეფასებებს გამოიტანს... არავინ იცის, ეს საუბარი კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი რომ არ შეემჩნია, რომელიც ნერვულად იყურებოდა და რომელსაც ასოცი კითხვა წამში, სეტყვასავით დააყარა: რა შეხვდა, როგრი გარემო დახვდა, ვინ რას წერდა და ისიც კი აინტერესებდა, ვინ რას ფიქრობდა...
ასეა, დღეს ეროვნული გამოცდები დაიწყო და ხომ გითხარით - მშობლები უფრო ღელავენ ვიდრე თავად აბიტურიენტები...
იხილეთ: „დამკვირვებლები ჩვენსკენ არიან, არანაირი სიმკაცრე“ - რას უნდა ელოდეთ ეროვნულების მეორე სესიაზე
„ძირითადად, სიტყვებს ასოები აკლდა...“ - რა შეცდომები შეხვდათ რედაქტირებაში აბიტურიენტებს
N175 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი 8 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა