სწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებს სწავლაში სპეციფიკური სირთულეები აღენიშნებათ, ასეთ დროს კი თუ სწავლების მეთოდი და სტრატეგია მათი სწავლის უნიკალურ საჭიროებებზე არ იქნება მორგებული, მოსწავლეებს ათვისების პრობლემები შეექმნებათ.
განასხვავებენ სწავლის უნარის დაქვეითების სახეებს, ესენია: დისკალკულია და დისლექსია.
დისკალკულია მდგომარეობაა, რომელიც არითმეტიკული უნარების ათვისებას უშლის ხელს. დისკალკულიის მქონე მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს ციფრების ათვისების, მათი მნიშვნელობის გააზრების, მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების პრობლემები.
დისკალკულიის მქონე ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ თვლის, უკუთვლის სირთულეები. ბავშვებს ხშირად უჭირთ ციფრების თანმიმდევრობით დალაგება. მოსწავლე, რომელსაც მათემატიკის სწავლის სირთულეები აქვს, შეიძლება საკმაოდ წარმატებული იყოს სხვა, არამათემატიკურ საგნებში, თუმცა როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, დისკალკულია ენის ათვისების სირთულეს (დისლექსიას) უკავშირდება.
დისლექსია წარმოადგენს ენის პროცესირების სირთულეს და ვლინდება წიგნიერების - კითხვის, ზოგ შემთხვევაში კი არითმეტიკული უნარების ათვისების სირთულეში.
დისლექსიის მქონე ბავშვებისთვის სერიოზულ სირთულეს წარმოადენს იშვიათად გამოყენებული სიტყვების კითხვა, მათ შორის აბსტრაქტული მათემატიკური ცნებების გაგება. მათ ასევე შეიძლება უჭირდეთ ასოების და სიტყვების ცნობა, სიტყვების სწრაფად და შეუფერხებლად ან თუნდაც ასო-ასო კითხვა. ზოგიერთ მათგანს უჭირს დროის ერთეულების, კვირის დღეების ან თვეების თანმიმდევრობის დამახსოვრება. ასევე დამაბნეველი შეიძლება იყოს მათთვის დროის აღმნიშვნელი ლექსიკა, მაგალითად: 7-ის 20 წუთია ან 3-ს 15 წუთი აკლია.
ბავშვებს უჭირთ იმ ლექსიკის ათვისება, რომელიც გამოხატავს დროს, გაზომვას, მიმართულებას, სივრცეს. მათ ბევრი დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ მარჯვენა-მარცხენის გარჩევა ისწავლონ. მათთვის ასევე რთულია სამგანზომილებიანი ობიექტების და ორგანზომილებიანი გამოსახულების ცნობა. მოსწავლეებს ასევე შეიძლება გაუჭირდეთ ცხრილების წაკითხვა, X და Y ღერძების გააზრება/დამახსოვრება.
უნდა აღინიშნოს, რომ სწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებს არ აქვთ ინტელექტუალური განვითარების შეფერხება, ისინი ისეთივე ნიჭიერები და გონებამახვილები შეიძლება იყვნენ, როგორიც ნებისმიერი ბავშვი.
მასწავლებელს უნდა ახსოვდეს: დისლექსიის ან დისკალკულიის მქონე ყველა მოსწავლე უნიკალურია, საჭიროა ყურადღებით ყოფნა, რათა მისი უნიკალური საჭიროება არ გამორჩეს და მოახდინოს დროული და ადექვატური რეაგირება.