„ადამიანის ფიზიკურობაზე უფრო მნიშვნელოვანი მისი სულიერი სამყაროა“ - კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები
26-03-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ კინოჩვენება მოეწყო.
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ფილმი „საოცრება“ ნახეს. ჩვენების შემდეგ სკოლის აღსაზრდელებმა ფილმი განიხილეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანის ფიზიკურობაზე უფრო მნიშვნელოვანი მისი სულიერი სამყაროა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ფილმმა მოზარდები შთაბეჭდილებებით აავსო.
„ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ პატივი უნდა სცენ განსხვავებულ ადამიანს. მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა ადამიანს სიცოცხლის ხალისს უბრუნებს, რაც წარმატების საწინდარია“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ფილმი „საოცრება“ რეჟისორ სტივენ ჩბოსკის საოჯახო დრამაა, რომელიც დაფუძნებულია რაქელ პალაციოს ამავე სახელწოდების ნაწარმოებზე.
სურათის მთავარი გმირი ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, ძაღლთან ერთად სეირნობა და დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება.
მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - მას სახე არ აქვს.
ერთ დღეს კი იგი სკოლაში მიდის. ავგუსტს თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.