განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარული და ჰიგიენური ნორმების“ და „დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ“ შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტის პროექტის გადამუშავებული ვერსიების განხილვა საკოორდინაციო საბჭოსთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი მსოფლიო ბანკის პროექტი I2Q-ს, Civitas Georgica-ს და საბავშვო ბაღების მხარდამჭერი ასოციაციის წარმომადგენლები.
"ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წელს უნდა შემუშავდეს ავტორიზაციის დროებითი წესი, რომელიც გარდამავალი პერიოდში, 2030 წლის 1 იანვრამდე, დაარეგულირებს დაწესებულების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებულ პროცედურულ და შინაარსობრივ საკითხებს.
ტექნიკური რეგლამენტების გადამუშავებული პროექტები აღნიშნული წესის ნაწილი გახდება.
წარდგენილი დოკუმენტების საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმების შემდეგ განხორციელდება პროექტის საჯარო განხილვა დაინტერესებული პირების ფართო წრესთან.