„ჩემი ცხოვრება სკოლა, ტრენინგები და სახლია“- როგორ ატარებენ თავისუფალ დროს დირექტორები?
ზაფხული ის დროა, როდესაც დირექტორებს, პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე ზრუნვასთან ერთად, მეტ-ნაკლებად საშუალება ეძლევათ ჰობისთვის დრო გამონახონ.etaloni.ge დაინტერესდა, რით არიან დაკავებულნი საჯარო სკოლების დირექტორები თავისუფალ დროს და რა არის მათი ჰობი?
გუსეინ მუსაევი, ბაქირ კარალოვის სახელობის დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარის საჯარო სკოლის დირექტორი:„თავისუფალ დროს ფრენბურთის თამაში მიყვარს; ზოგადად სპორტს ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდიო“.
ზიათხან სარდაროვი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:„თავისუფალ დროს ჭადრაკს ვუთმობ“.
ავთანდილ მამედოვი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის დირექტორი:„ჯერ-ჯერობით კვლავ სკოლაში დავდივარ, თუმცა, ზოგადად ჭადრაკის თამაში მიყვარს და თავისუფალ დროს ვცდილობ საყვარელი საქმით დავკავდე“.
ელშად გასანოვი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლის დირექტორი:„ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ბავშვებთან ყოფნაა; მიყვარს სკოლაში ყოფნა და გაკვეთილების ჩატარება“.
ლალაზარ ნასიბოვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:„სამწუხაროდ, სოფელში ბევრი გასართობით განებივრებულნი არ ვართ. ჩემი ცხოვრება სკოლა, ტრენინგები და სახლია. სახლში ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა და ფილმების ყურება“.
დოლხან ალიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი:„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ ტრენინგებს ხშირად ვესწრები და თავისუფალი დრო მთლიანად მას მიაქვს“.
ნურადდინ აბბასოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი:„პირადად მე სულ ტრენინგებზე ვარ და სამწუხაროდ, დრო სხვა არაფრისთვის მრჩება“.
რამიზ მამედალიზადე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის საჯარო სკოლის დირექტორი:„თავისუფალ დროს ძალიან მიყვარს ჭადრაკის თამაში, მხატვრული ლიტერატურის კითხვა და ასევე, მდინარეზე სიარული“.
არეკნაზ გარიბიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გიულიბაღის საჯარო სკოლის დირექტორი:„ჩემი ჰობია კითხვა და ყვავილების მოვლა. ასევე, ძალიან მიყვარს მოგზაურობა“.
ხაზეინ მუსაევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის საჯარო სკოლის დირექტორი:„ძალიან მიყვარს სიახლეების მოსმენა და ყურება, ამიტომ თავისუფალ დროს სიახლეებს აქტიურად ვეცნობი“.