„ახლა გამოცდები ერთგვარი კამათლის სტილითაა - ზოგს შეიძლება გაუმართლოს და ისე ჩააბაროს“- სკოლის დირექტორები მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით
08-07-2022

ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე დაიწყო. აბიტურიენტებს თავიანთ სასურველ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, რამდენიმე გამოცდის დაძლევა უწევთ. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ დღესდღეობით, ახალგაზრდებს განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ - მათი გამოცდები უფრო მარტივია და მეტის მიღწევა შეუძლიათ. არიან ისეთებიც, ვინც თვლიან, რომ ახლანდელი საგამოცდო ფორმატი უფრო რთული და სტრესულია. ჩვენ სკოლების დირექტორებს ვთხოვეთ, თავიანთი აბიტურიენტობა გაეხსენებინათ. მათი აზრი გამოცდების ფორმატთან და იმ ცვლილებებთან დაკავშირებითაც მოვისმენეთ, რაც წლების განმავლობაში განხორციელდა.

მალხაზ ჩიხლაძე
, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლის დირექტორი:

მე მისაღები გამოცდები წინა საუკუნეში ჩავაბარე. მათემატიკაზე ვაბარებდი. იყო დასწრებული და დაუსწრებელი სწავლება. გამოცდებიც ჩვეულებრივ იმართებოდა, ვაბარებდით მათემატიკას, ფიზიკას, ქართულს. ქართულში მოცემული იყო ტექსტი და ჩვენ შინაარსს ვწერდით. ინდივიდუალური გამოცდებიც იმართებოდა, ბილეთებში იყო კითხვები მოცემული და ჩვენ მათზე ვპასუხობდით. შეფასების სისტემა 5 ქულიანი იყო. მაშინ გორის უნივერსიტეტიდან პედაგოგებს სხვადასხვა რეგიონებშიც ანაწილებდნენ. ადრე ისეთი ტიპის კითხვები იყო, რომ აუცილებლობას წარმოადგენდა წიგნზე მუშაობა. დღესდღეობით, შეიძლება, მოსწავლემ საგანი კარგად არ იცოდეს, თუმცა გამოსავალი სხვაგვარად იპოვოს.

დოდო მოდებაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

მას შემდეგ, რაც მე უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების მისაღებად ვაბარებდი, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. მაშინ წლობით შეიძლება გეცადა სასურველ მიმართულებაზე ჩაბარება. ვფიქრობ, რომ აბიტურიენტებისთვის მიზნის მიღწევა ახლა უფრო ადგილია. იმასთან შედარებით, ბევრად მოქნილი სისტემაა. კიდევ უფრო დახვეწაც სჭირდება. საჭიროა, ახალგაზრდების გამოკითხვა, მათთან მუდმივი კავშირი, რას და როგორ ფიქრობენ. ასევე, ამ პროცესში სკოლის ჩართვაც. მაშინ უმაღლესში ჩაბარება მარტივი არ იყო, ბევრი ეტაპი უნდა გაგევლო, სამუშაო უნდა გაგევლო, სტაჟი დაგეგროვებინა, რათა მომავალ წელს გამოცდაზე გასულიყავი. რეპეტიტორთან მომზადებაც ძალიან რთული იყო, არ იყო ხელმისაწვდომი და მხოლოდ შენი შრომით თუ მიაღწევდი რამეს. მით უმეტეს, ეს საკითხი უფრო მწვავედ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის იდგა. პირადად მე, არ მოვმზადებულვარ, 80-ანებში ჩავაბარე და მაშინ ძალიან რთული იყო.

ნონა ნადარაია, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

მე 80-იანი წლების აბიტურიენტი ვიყავი. შესაბამისად, მაშინ სულ სხვა მოთხოვნები და გამოცდები იყო. ორიენტირებული იყო ზუსტ ცოდნაზე. ახლაც ასეა, მოთხოვნებში, თუმცა დღევანდელი გამოცდები შედარებით იოლად მიმაჩნია. თუმცა ესეც ახლანდელი მოთხოვნის გამოძახილია. წელს ჩვენს გვყავს აბიტურიენტები, გვაქვს იმედები, რომ ისინი გამოცდებს ძალიან კარგი შედეგებით დაამთავრებენ, წარმატებას მიაღწევენ და სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხებიან. ძალიან კარგი ნაკადი გვყავს, ორი მედლის კანდიდატია და შესაბამისად, მათ ძალიან კარგი სტარტი აქვთ და შედეგებსაც შესაბამისს ველოდებით.

სიმონ ჩაჩანიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

სკოლა 1973 წელს დავამთავრე. მე და ჩემი კლასელები უნივერსიტეტში ჩაბარებას დიდი გულისფანცქალით ველოდებოდით. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. მოსწავლეები, რა თქმა უნდა, წლები ემზადებიან სანუკვარი ოცნებების მისაღწევად, თუმცა ბოლო თვეები მაინც განსაკუთრებულია. ისინი ცდილობენ, რომ სასურველ პროფესიას დაეუფლონ. დღესდღეობით, მთელი საქართველო და მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას და რა თქმა უნდა, ქართველ ახალგაზრდებსაც სურთ, რომ ქვეყნის მშენებლობაში თავიანთი აგური დადონ.  მისთვის კი აუცილებელი უმაღლესი განათლება მიიღონ. ისინი რომ ასეთი მონდომებულები არიან, ამაზე მეტი სიხარული რა უნდა იყოს. წელს ჩვენი სკოლა 7-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 4 სხვადასხვა უნივერსიტეტში აბარებს. ასევე, სასიხარულოა, რომ მომავალ სასწავლო წელს 12 პირველკლასელი გვეყოლება, შესაბამისად, სკოლაში მატება გვაქვს.

მერაბ ასანიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლის დირექტორი:

პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანი როლი ჩემმა პედაგოგებმა შეასრულეს, მათ მიმითითეს და მირჩიეს, რა მიმართულებით წავსულიყავი. ყველაფერში ძლიერი ვიყავი, მაგრამ ჰუმანიტარული საგნები უფრო მიზიდავდა. ისტორიული დავამთავრე. გამოცდები დღესდღეობით თანამედროვე მეთოდებით ბარდება, მაგრამ პირადად ჩემი აზრით, ეს ერთგვარი კამათლის სტილია - ზოგს შეიძლება გაუმართლოს და ისე ჩააბაროს.

ინგა ასანიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან კარგი რაღაცები გამახსენეთ. ჩემი აბიტურიენტობა ახლანდელისგან იმით განსხვავდება, რომ მე რეპეტიტორებთან არ მივლია. სკოლა დავამთავრე და სულხან-საბას სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში მათემატიკურზე ჩავაბარე. სოფლიდან ვიყავი, ყველანაირი კომპლექსი მაწუხებდა. დედამ და მისმა მეგობრებმა წამიყვანეს. სხვათა შორის, რატომღაც ძალიან ვღელავდი. მაშინ ნიშნებს აცხადებდნენ, ახლა მომწონს, მაშინ ასე არ ვიყავი. ყველა რომ აჟიტირებული იყო, მე რატომღაც შეშინებული ვიყავი. ჩემს დროს გამოცდების ნაწილი წერით, ნაწილი კი ზეპირად ბარდებოდა. მეც მათემატიკა და ქართული წერით, ხოლო ფიზიკა და მათემატიკა ზეპირად ჩავაბარე. არ ვიცი ამას ახლანდელი თაობა როგორ აღიქვამს, ალბათ, ძალიან გაუკვირდებათ, რადგან განსხვავებული ფორმატია, 180 გრადუსით შემობრუნებული. სხვათა შორის, ეს მარტივი არ იყო, თუმცა ძალიან კარგი იყო. ახლანდელ მდგომარეობას რაც შეეხება, ალბათ, ძალიან დიდი თავისუფლებაა, როდესაც ხარ აბიტურიენტი, შედიხარ გამოცდაზე და შენთვის მუშაობ. მგონია, რომ გამოცდები ახლა უფრო მარტივია, თუმცა თავისი დამახასიათებელი სირთულეები ამასაც აქვს. ზოგადად, ჩემი გადმოსახედიდან ვამბობ, რომ სკოლაში რაღაცებს უფრო გავამკაცრებდი და დისციპლინას შემოვიღებდი.

ელისო დოღაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წასრის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

მისაღები გამოცდები არ ჩამიბარებია, მაშინ რესურსცენტრებში ლიმიტები რიგდებოდა. ჭიათურიდან რამდენიმე ვიყავით წასული, ლექტორებთან გასაუბრება გვქონდა და ჩავირიცხეთ. მოვხვდი ფიზიკის ფაკულტეტზე. რაც შეეხება დღევანელ ეროვნულ გამოცდებს, ვფიქრობ, რომ კარგი სისტემით ტარდება. აბიტურიენტს თუ ცოდნა აქვს, გამოცდაზე მისი გამომჟღავნება ყელანაირად შეუძლია. სისტემა ისეა აწყობილი, რომ ახალგაზრდებს არანაირი პრობლემა არ შეექმნათ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203