მათემატიკის გამოცდაზე რამდენქულიანი ბარიერი უნდა გადალახონ აბიტურიენტებმა
07-07-2022

8 ივლისს აბიტურიენტები ეროვნულებზე ტესტს მათემატიკაში ჩააბარებენ. გამოცდა ხვალ ჯამში 13 800 მეტი აპლიკანტი გავა; მინიმალური ბარიერის დასაძლევად გამოსაცდელებს ტესტში 11 ქულის მოპოვება სჭირდებათ. რას უნდა მიაქციონ ყურადღება და რა რჩევებს იძლევა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იხილეთ სტატიაში:

რა ტიპის შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები მათემატიკაში ყველაზე ხშირად?

გვხვდება როგორც ტექნიკური სახის შეცდომები, როდესაც აბიტურიენტი სწორად ვერ აწარმოებს გამოსახულებების მათემატიკურ გარდაქმნებს, ისე მათემატიკური ფაქტობრივი ცოდნის ნაკლებობით გამოწვეული შეცდომები. ზოგჯერ შესაძლოა აბიტურიენტების ერთ ნაწილს ჰქონდეს კიდეც ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი ცოდნა, მაგრამ უჭირს მისი გამოყენება კონკრეტულ შემთხვევებში.

რას ურჩევთ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც გეგმავენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის ჩაბარებას?

მათემატიკა ბარდება იმ სასწავლო პროგრამებზე, რომლებზეც კარგი მათემატიკური ცოდნისა და უნარების ფლობის გარეშე სწავლა წარმოუდგენელია. ესენია: საინჟინრო, ეკონომიკური, საფინანსო, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მედიცინა, საბუნებისმეტყველო და მათემატიკის პროგრამები. აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ ბეჯითად იმუშაონ, რათა გახდნენ თავიანთი სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და შემდგომ წარმატებით მოახერხონ სასურველი პროფესიის დაუფლება. 

თუ სწორი მსჯელობით მივედით პასუხამდე, მაქსიმალური ქულით შეგვაფასებენ?

რასაკვირველია. თუ წერილობით გადმოსცემთ თქვენს მსჯელობას და ყველა ნაბიჯს თანმიმდევრულად და ნათლად წარმოაჩენთ, დაიმსახურებთ ამ დავალებისათვის გათვალისწინებულ მაქსიმალურ ქულას.

მათემატიკის ღია კითხვებში ამოხსნა თუ სწორადაა დაწყებული და ბოლოს შეცდომას უშვებს აბიტურიენტი, კითხვა ნულდება, თუ სწორ მონაკვეთში რაიმე ქულა იწერება?

თითოეული წერითი დავალებისათვის იწერება შეფასების სქემა, რომელიც განსაზღვრავს ამოცანის ამოხსნის ესა თუ ის ეტაპი რამდენი ქულით ფასდება. მაგალითად, თუ ამოცანა არის 3 ქულიანი, მაშინ კონკრეტული აბიტურიენტის ნაშრომი შეიძლება შეფასდეს, როგორც 0, ასევე 1, 2 ან 3 ქულით. ამას არეგულირებს შეფასების სქემა.

რაიმე მონაცემის აღნიშვნისას, მაგალითად, როდესაც ასოთი აღვნიშნავთ, აუცილებელია ტოლობის ნიშანი გამოვიყენოთ, თუ სამხაზიანი ტოლობის ნიშანის დაწერაა აუცილებელი?

ამ მხრივ აბიტურიენტებთან გვაქვს მინიმალური მოთხოვნები. მართლწერის გამო ქულა არავის დააკლდება, გამოსაცდელს შეუძლია გამოიყენოს ის აღნიშვნა, რომელიც მისთვის უფრო ნაცნობი და მისაღებია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203