მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს - „საჯარო სკოლის 2022 წლის საუკეთესო დირექტორი“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორს, რომელსაც აქვს დირექტორად მუშაობის არანაკლებ 6-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება იმავე სკოლაში, რომელშიც კონკურსის გამოცხადების მომენტში მოქმედი დირექტორია.
კონკურსში განაცხადის წარდგენის უფლება აქვს:
ა) საჯარო სკოლის მოქმედ დირექტორს, რომელიც ავსებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ ფორმას;
ბ) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს;
გ) განათლების სფეროში მოქმედ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
დ) საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
„ბ“ - „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ დირექტორის კანდიდატურის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შემდეგ, ცენტრი წერილობით მიმართავს დირექტორს, რათა მან შეავსოს დანართით განსაზღვრული ფორმა, ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში.
კონკურსში მონაწილე დირექტორმა განაცხადს თან უნდა დაურთოს ვიდეო (ქრონომეტრაჟი არაუმეტეს 5 წუთი), სახელწოდებით „ჩემი სკოლის ყველაზე დიდი მიღწევა“.
რეგისტრაციის ვადაა: 11.07.2022 – 31.08.2022
კონკურსში გამარჯვებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
საკუთარი სკოლის განვითარებაზე ზრუნვა; თანამშრომლობითი კულტურის დანერგვის ხელშეწყობა; ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა; სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა; არაფორმალური განათლების ხელშეწყობა; რესურსების ეფექტიანი მართვა; თვითგანვითარებაზე ზრუნვა; ინოვაციურობა.
კონკურსის ეტაპებია:
1. ტექნიკური გადარჩევა;
2. ვიდეოჩანაწერის შეფასება;
3. გასაუბრება;
4. დირექტორის საქმიანობის შეფასება ადგილზე
(კომისიის არანაკლებ 3 წევრი ადგილზე გაეცნობა დირექტორის საქმიანობას; შედგება ინტერვიუები სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან და ადგილობრივი საზოგადოების (თემის) წარმომადგენლებთან).
საჯარო სკოლის 2022 წლის საუკეთესო დირექტორის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია/კომისიები (შემდგომში - კომისია).
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე
საკონკურსო აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კონკურსს.