„გამოცდილ პედაგოგებს ნუ გვიტარებენ ამდენ ექსპერიმენტს... უსამართლობაა, ახლა აქ რომ ვდგავარ...“ - მასწავლებლების განწყობა პროფესიული უნარების გამოცდაზე
14-07-2022

სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლები დღეს გამოცდას პროფესიულ უნარებში აბარებენ. წამყვანობისა და მენტორობის მსურველებისთვის ტესტირება პირველად ტარდება და ბუნებრივია, ყველა ძალიან ღელავს. საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია მიმდინარეობს, გამოცდის დაწყებამდე პედაგოგები ერთმანეთს განწყობასა და მოლოდინს უზიარებენ.

„უსამართლობაა, ახლა აქ რომ ვდგავარ და კიდევ გამოცდაზე მიწევს გასვლა. კომპეტენცია ჩემს საგანშიც და პროფესიულ უნარებშიც ათი წლის წინ დავადასტურე, კვლევა ჩავატარე, გარე დაკვირვება გავიარე და ახლა ისევ იგივე წრეზე მივდივარ“.

„ბოლო ორი კვირაა განათლების ფსიქოლოგიას დავაკვდი, მდგრადი განვითარება და კიბერცნობიერება ორ დღეში წავიკითხე, ზოგადი განათლების შესახებ კანონი დავიზეპირე და ახლა კიდევ კარიკატურები იქნებაო დემოკრატიული განვითარებიდანო, საგამოცდო ნიმუშში არაფერი ყოფილა მსგავსი. მეცინება უკვე ამ ყველაფერზე, რომც ჩავაბარო, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ გამოცდამდე ასე მიტანილი ცოდნა კიდევ დიდხანს გამყვება?!“

„რას უნდა ველოდო არ ვიცი, ზღვა მასალა გვქონდა მოსამზადებელი და იმდენად მაღალი ბარიერია, რომ წინასწარ მიჭირს საუბარი“.

„ისეთ განწყობაზე ვარ, ჩავაბარებ თუ არ ჩავაბარებ, არ ვდარდობ. განა იმიტომ, რომ სულ ერთია ჩემთვის, უბრალოდ, ძალიან გადავიღალე და ემოცია აღარ მაქვს. სავალდებულო ტრენინგები გუშინ დავასრულე, ამის პარალელურად მოსამზადებელ ტრენინგებსაც ვესწრებოდი. ახლა თავში მაქვს ყველაფერი არეული”.

„გულის სიღრმეში ვიცი, რომ თუ ახლა ვერ მივიღებ კარგ შედეგს, მომავალ წელს მაინც ჩავაბარებ, მაგრამ ისე ვნერვიულობ, თითქოს ამ გამოცდაზეა ჩემი ბედი დამოკიდებული“.

„ამ გამოცდის ჩაბარება ყველასთვის, ვისაც სტატუსის ამაღლება უნდა, აუცილებელი არ უნდა იყოს. დატოვონ ახალგაზრდებისთვის, ვინც ახლა შემოდის პროფესიაში, ჩვენ კი, გამოცდილ პედაგოგებს ნუ გვიტარებენ ამდენ ექსპერიმენტს, სხვა მეთოდით შეგვამოწმონ, დაგვესწრონ გაკვეთილზე, ეგაც საკმარისი იქნება“.

„ახლა მხოლოდ იმას ვფიქრობ, გამოცდაზე არ ჩამომეძინოს, ბოლო ერთი კვირაა არ მძინებია, ამ გამოცდისთვის ვემზადებოდი”.

„ფუნქციური წერა, მაინტერესებს, რაზე იქნება, ახლა არ ვარ განწყობაზე, რომ ხე-ტყეზე და ნიადაგებზე ვწერო”.

შეგახსენებთ, რომ პროფესიული უნარების გამოცდაზე წამყვანობის მსურველმა მინიმუმ 43 ქულა უნდა დააგროვოს, მენტორობის მსურველმა კი - 53. გამოცდის ხანგრძლივობა 4 საათია.


იხილეთ ასევე:

14-15 ივლისს გამოცდაზე 13 ათასამდე მასწავლებელი გავა - მინიმალური ქულები და დეტალები პედაგოგებისთვის

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203