„ძალიან მიხარია, რომ პირველი ადგილი დავიკავე, რადგან ეს დიდი წარმატებაა“- „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
14-07-2022
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისმიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

13 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ახალქალაქის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ორხის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე სვეტლანნა ორჯაციანმა მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა ახალქალაქელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მუნიციპალიტეტის მერი, მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის,სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლე, სკოლის დირექტორები და პედაგოგები საუბრობენ.

მელქონ მაკარიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი:

ის, რომ მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში ასე აქტიურად არიან ჩართულები, ჩვენი პატივია. ჩვენი სახე ჩვენი ახალგაზრდები არიან. ხვალ და ზეგ ის დღე დადგება, როდესაც ისინი თავიანთ შესაძლებლობებსა და განათლებას გამოავლენენ. ამაში კი ჩვენი ჩართულობაც მაქსიმალური იქნება. პირველი ადგილი ეთნიკურად სომეხმა მოსწავლემ დაიკავა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვეთან, ახალქალაქში ენობრივი ბარიერი ისევაა. „ეტალონში“, 4+1 და მსგავს პროგრამებში ჩვენი მოსწავლეების ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ადგილობრივმა მოსახლეობამ სახელმწიფო ენა ისე უნდა იცოდნეს, როგორც საჭიროა.

ვალერი სტელმაშოვი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის,სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი:

ინტელექტ-ჩემპიონატმა კარგად ჩაიარა. ძალიან კარგი პროექტია. უმჯობესი იქნება, თუ მომავალში კვლავ დასწრებით ფორმატში გაიმართება და მოსწავლეები ასე ჩაერთვებიან, რადგან ახლა პანდემია ასე თუ ისე დასასრულს უახლოვდება. მერია „ეტალონთან“ თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზადაა. 

თერეზა ჩივჩიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი:

ჩვენი მუნიციპალიტეტიდან „ეტალონში“ ყველა სკოლა ჩართული იყო. მეორე ეტაპმა ძალიან კარგად ჩაიარა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ არდადეგები იყო, ყველა მოსწავლე ჩაერთო. გაიმარჯვა სომხურენოვანი სკოლის მოსწავლემ, რომელსაც ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა. ზოგადად, მსგავსი პროექტების არსებობა მუნიციპალიტეტისა და სოფლის სკოლებისთვის მნიშვნელოვანია. ასე ახალგაზრდებს დიდი ინტერესი და მოტივაცია უჩნდებათ, რაც 21-ე საუკუნეში ძალიან საჭიროა. ყველა მოუთმენლად ელის, თუ როდის დაიწყება „ეტალონი“ რომ ჩაერთონ. ჩვენ დინამიკაშიც ვხედავთ, როგორ იზრდება ჩართულობა და მოსწავლეთა მოტივაცია.

სვეტლანნა ორჯაციან - „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლე“, კორხის საჯარო სკოლა:

ძალიან მიხარია, რომ პირველი ადგილი დავიკავე, რადგან ეს დიდი წარმატებაა. მეორე ეტაპი, პირველისგან განსხვავებით, ცოტა ძნელი იყო, მაგრამ პრობლემა არ შემქმნია, კარგად გავიგე ტესტის შინაარსი. მე ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობისათვის წინასწარ ვემზადებოდი. ის რომ „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლე“ გავხდი ჩემთვის დიდი წარმატებაა, რადგან  88 მოსწავლეს შორის პირველი ადგილი დავიკავე. კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ მე ეთნიკურად სომეხი ვარ, ჩემპიონატში ეთნიკურად ქართველი მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ გამარჯვება მოვიპოვე.

გალია ირიციან, კორხის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ სვეტლანნა ორჯაციანის წარმატება ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ამ ფაქტით ყველა - მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები - ძალიან გახარებულები ვართ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოსწავლე ფინალურ ეტაპზეც დიდ წარმატებას მიაღწევს. ზოგადად, უნდა აღვნიშნო, რომ „ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია.

ლუსინე აფოზიან, კორხის საჯარო სკოლის პედაგოგი:

სვეტლანნა ორჯაციანი ძალიან კარგი მოსწავლეა. მისი წარმატებას სკოლაში ყველას უზომოდ გაგვიხარდა. „ეტალონში“ მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. ჩვენ გვაქვს ჯგუფი, სადაც დავწერე, რომ ჩვენმა მოსწავლემ გაიმარჯვა, ამით კი ყველამ გაიხარა. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ფინალშიც წარმატებას მიაღწევს, რადგან ძალიან კარგი მოსწავლეა.

ანზორ მიქელაძე, ოკამის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ალექსანდრე მიქელაძე ბეჯითი ბავშვია, კარგად სწავლობს. ალბათ, მომავალში პირველ ადგილს დაიკავებს. მიღწეული წარმატება როგორც სკოლისთვის, ასევე მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო მეტი გმოსწავლე წარმოაჩენს „ეტალონში“ თავიანთ შესაძლებლობებს. 

მარინე ფანჯაკიძე, ოკამის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი:

მიღწეული წარმატება ჩვენი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სხვა მოსწავლეებისთვისაც დიდი სტიმულია. მათ მოტივაცია ემატებათ. ისინი ჩემპიონატში ინტერესით ერთვებიან. მიღწეული შედეგი განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანი თავად მოსწავლისთვის არის. ეს წარმატება მას მომავლში კიდევ უფრო დიდი მიზნების მიღწევაში დაეხმარება. მოტივაცია, ინტერესი, სწავლის წყურვილი კიდევ უფრო გაუღვივდება.


ლუსინე წარუკიანი - მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლე, კორხის საჯარო სკოლა:

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში მესამე ადგილი დავიკავე. ვფიქრობ, „ეტალონი“ ძალიან კარგი კონკურსია. პირველი ეტაპი უფრო მარტივი იყო, ვიდრე მეორე. მას შემდეგ, რაც ამ წარმატებას მივაღწიე, უფრო მოტივირებული გავხდი. ვაპირებ, რომ მონაწილეობა მომავალ წელსაც მივიღო.


ასევე იხილეთ:

2022 წლის „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

„ეტალონის“ დაწყებას სულ გაფაციცებით ელიან“-ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა

ახალქალაქელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203