საერთო ქულების ერთი მესამედი ორგანული ქიმიის საკითხებზე მოდის  - ბოლო რჩევები, ქიმიისა და ხელოვნების გამოცდაზე გამსვლელი აბიტურიენტებისთვის
15-07-2022

15 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას სახვითი და გამოყენებით ხელოვნებასა და ქიმიაში ჩააბარებენ  ხელოვნების გამოცდაზე  200-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული, ხოლო ქიმიას 2600 - მდე აპლიკანტი ჩააბარებს.  რა საკითხებს უნდა მიაქციონ ყურადღება აპლიკანტებმა და რა რჩევებს აძლევს მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. აბიტურიენების კითხვები და ცენტრის პასუხები:

მაინტერესებს, რას ამოწმებს და, ზოგადად, რა უნარების შემოწმებაზეა ორიენტირებული ქიმიის ტესტი? 
საგამოცდო ტესტით ძირითადად მოწმდება: პროგრამული მასალის ცოდნა და კონკრეტულ ამოცანებში ამ ცოდნის გამოყენების უნარი; გრაფიკებით, სქემებით, ცხრილებითა და დიაგრამებით მოწოდებული ინფორმაციის გაგებისა და ანალიზის უნარი; ასევე მოცემული ამოცანის პირობიდან არსებითი (პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი) მონაცემების შერჩევის უნარი და უცნობი, არასტანდარტული ამოცანის დამოუკიდებლად ამოხსნის უნარი. 
გამოცდაზე დიდი ყურადღება ექცევა, თუ როგორ შეუძლია აბიტურიენტს:
• ქიმიური სახელწოდებიდან ნივთიერების ფორმულის შედგენა და პირიქით, ფორმულის მიხედვით ნივთიერების დასახელება (როგორც არაორგანული, ასევე ორგანული ნაერთების შემთხვევაში);
• კავშირის დამყარება სხვადასხვა კლასის ნაერთებს შორის;
• სხვადასხვა მოცემულობის მიხედვით ქიმიური რეაქციების ტოლობების შედგენა და მათი გათანაბრება, მაგალითად: ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის გათანაბრება ელექტრონული ბალანსის ჩვენებით; რეაქციაში გამოტოვებული ნივთიერებების დადგენა, იონური მიმოცვლის რეაქციის შედგენა, მოცემული სიტყვიერი ინფორმაციის მიხედვით რეაქციის ტოლობის შედგენა და სხვ.  
• ამოცანების ამოხსნა, რომლებიც მოითხოვს ქიმიაში საჭირო გამოთვლების შესრულებას.
 
ქიმიის გამოცდაზე ცხრილები დაგვირიგდება? 
გამოცდაზე აბიტურიენტებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ შემდეგი დამხმარე მასალით: ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის ცხრილით; ფუძეების, მჟავებისა და მარილების ხსნადობის ცხრილით; მეტალთა ძაბვის ელექტროქიმიური მწკრივით. დამხმარე მასალა აბიტურიენტებს დაურიგდებათ გამოცდის დაწყებისას. 
 
ვაბარებ ქიმიას, რა უნდა გავითვალისწინო, რას მირჩევთ? 
• მეცადინეობისას ყურადღება მიაქციეთ, თუ რა საკითხებია შეტანილი საგამოცდო პროგრამაში და გადაამოწმეთ, იცით თუ არა ისინი. ტესტში შეტანილი საკითხები არ გასცდება სასკოლო სახელმძღვანელოებს, თუმცა, რასაკვირველია, მეცადინეობისას შეგიძლიათ დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენებაც;
• ბევრი ივარჯიშეთ ქიმიური რეაქციების ტოლობათა შედგენასა და მათ გათანაბრებაზე;
• ივარჯიშეთ გამოთვლითი ამოცანების ამოხსნაში, ამ დროს ყურადღება მიაქციეთ არითმეტიკული გაანგარიშებების სიზუსტეს;
• ყურადღებით გაეცანით წინა წლებში გამოყენებულ ტესტებს, ასევე მათი შეფასების სქემებს (ეს ყველაფერი ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული), რაც სათანადო წარმოდგენას შეგიქმნით მთლიანად საგამოცდო ტესტის ფორმატზე, ტესტური დავალებების ტიპებზე, აგრეთვე მათ სირთულესა და შეფასების სისტემაზე. 
 
გალვანური ელემენტი ან კეტონები თუ შედის ქიმიის ტესტში? 
არ შედის. გირჩევთ, მსგავსი კითხვები  გადაამოწმოთ საგამოცდო პროგრამაში. იხილეთ ბმული.
 
 
რამდენი კითხვაა ორგანული ქიმიიდან და არაორგანული ქიმიიდან? 
საერთო ქულების დაახლოებით ერთი მესამედი ორგანული ქიმიის საკითხებზე მოდის, დანარჩენი ქულები გადანაწილებულია ზოგადი და არაორგანული ქიმიის საკითხებზე. 
 
ბუნებაში წარმოქმნილი ნაერთების სახელების ცოდნა თუ მოგვეთხოვება?
მინერალების სახელწოდებების დაზეპირება პროგრამით არ მოგეთხოვებათ.

კითხვები სახვითი და გამოყენებით ხელოვნების ტესტის შესახებ: 

ხელოვნებაში ხატვის ცოდნა თუ მოგვეთხოვება?
ხელოვნების გამოცდა ხატვის უნარს არ ამოწმებს, ეს შემოქმედებითი ტურის პრეროგატივაა, რომელსაც უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ. ჩვენს ტესტში პრაქტიკული ხასიათის დავალება არ არის.

რამდენად მოგვეთხოვება ან დაგვჭირდება ტერმინების ცოდნა ხელოვნებაში?
ტერმინების ცოდნა ხელოვნების გამოცდისთვის, ისევე როგორც ზოგადი განათლებისთვის ხელოვნებაში, მნიშვნელოვანია. ტერმინები, რომლებსაც მოსწავლეები პირველი კლასიდან ეუფლებიან, წარმოადგენს სასკოლო პროგრამის აუცილებელ ნაწილს. ასე რომ, ყველა სახელმძღვანელოში ყველა გაკვეთილი ამ ტერმინების საფუძველზეა აგებული, ვინაიდან ისინი, როგორც ცნებები, ისეა გამოტანილი ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ასევე ამ ტერმინების გამოყენებით თქვენი მსჯელობა საკითხის გარშემო იქნება მკაფიო და ნათელი, გაგიადვილდებათ აზრის და შთაბეჭდილების გამოხატვა.

თუ მე-15 დავალებაში ეპოქა ვიცანი და ავტორი ვერა, ამ შემთხვევაში რა ხდება?
15 ქულიან დავალებაში ავტორის ამოცნობა მხოლოდ 1 ქულას ნიშნავს. ასე რომ,  თუ მსჯელობა სწორად იქნება წარმართული სხვა საკითხებთან დაკავშირებით, 14 ქულას დაიმსახურებთ.

უცნობი მხატვრების შესახებ რა ტიპის კითხვებია ტესტში შეტანილი?
უცნობ მხატვრებში რას გულისხმობთ, დასადგენია. თუ, სავარაუდოდ, არაპროგრამულ მხატვრებს გულისხმობთ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კითხვები მხოლოდ მხატვრულ მახასიათებლებს შეეხება. საერთოდაც მხატვრების შესახებ კითხვები ტესტში მათი ბიოგრაფიიდან არასდროს არის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203