სკოლებისთვის დაწესებული ახალი სტანდარტების საჯარო განხილვა დაიწყო - დეტალები
15-07-2022
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის ახალი სტანდარტების საჯარო განხილვები დაიწყო და პირველ შეხვედრას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე უძღვებოდა.
შეხვედრის ფარგლებში, ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სტანდარტების შესაბამისობასთან დაკავშირებული ცალკეული გამოწვევების, დაგეგმილი ცვლილებებისა და სტანდარტების შინაარსის შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე წარედგინათ განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების პროექტი, რომელიც სკოლების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული და სრულად ითვალისწინებს მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებს.
ავტორიზაციის პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით საჯარო განხილვები ეტაპობრივად გაგრძელდება. უახლოეს მომავალში განხილვის პროცესში კერძო და საერთაშორისო პროგრამების განმახორციელებელი სკოლებისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ავტორიზაციის პირველი ეტაპი ყველაზე მაღალი მზაობის 500-მდე სკოლას მოიცავს და 2023 წლის იანვრიდან დაიწყება.
პროცესის დასრულება კი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე იგეგმება.
ავტორიზაციის პროცესში ყურადღება გამახვილდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების როგორც შინაარსობრივ, ისე ინფრასტრუქტურულ ნაწილზე.
აღსანიშნავია, რომ საჯარო განხილვებს წინ უძღოდა ორწლიანი ინტენსიური სამუშაო პროცესი, რომელიც ექსპერტთა ჩართულობით, ხარისხის ცენტრისა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა.