განათლების სამინისტრომ ატესტაცია ჩაატარა - დეტალები
17-07-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერულ აკრედიტაციას იწყებს.

პროცესის უკეთ მომზადების მიზნით, მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ მახარაშვილის ხელმძღვანელობით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის აკრედიტაციის ექსპერტებისათვის პირველი ტრენინგი ჩატარდა.

აკრეტიდაციის ექსპერტები აკრედიტაციის განახლებულ სტანდარტებს, პროცედურებსა და შეფასების პრინციპებს გაეცნენ, რათა შეფასების პროცესის საბოლოოდ სპეციფიკაზე მოხდეს შეჯერება.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში დაგეგმილია ასევე ინფორმაციული შეხვედრები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც ხელს შეუწყობს კლასტერული აკრედიტაციის პროცესისათვის უკეთ მომზადებასა და შეფასების პროცესის თანმიმდევრულ და ეფექტიან განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის 83/ნ ბრძანებით შევიდა ცვლილება ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში.

აღნიშნული ცვლილებით ამოქმედდა განახლებული კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტები, პროცედურები და საფასურები, რაც გულისხმობს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამები შეფასდება კლასტერული აკრედიტაციის მოდელისა და პრინციპების მიხედვით.

კლასტერული აკრედიტაციის პროცესის სრულფასოვნად განსახორციელებლად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი თანმიმდევრულად ახორციელებს შესაბამის მოსამზადებელ სამუშაოს.

ცენტრის თანამშრომლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოსთან, სადაც განახლებული კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული შეფასების სპეციფიკაზე.

აღსანიშნავია, რომ კლასტერული აკრედიტაციისთვის განახლდა შეფასების პროცესისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია.

2022 წელს დაგეგმილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია, განახლდა აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსი - ჩატარდა არსებული ექსპერტების ატესტაცია და კორპუსი გამდიდრდა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებით.

კლასტერული აკრედიტაციის დროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები შეძლებენ ინდივიდუალური პროგრამების ნაცვლად, სააკრედიტაციოდ წარადგინონ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები დაჯგუფებული სახით. კლასტერში პროგრამების დაჯგუფება მოხდება შინაარსობირი ნიშნით.

კლასტერული აკრედიტაციის სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე ახალი სისტემა იძლევა საშუალებას, ექსპერტების მიერ შეფასდეს, თუ როგორ ვითარდება კონკრეტული უმაღლესი განათლების დარგები და მიმართულებები, როგორც ქვეყნის, ასევე კონკრეტული ინსტიტუციის ფარგლებში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203