როგორ მოიპოვებენ აბიტურიენტები გრანტს? - დეტალები
20-07-2022

როგორ გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე?

ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირს (პირადობის ნეიტრალური დოკუმენტის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს, ასევე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი).

მთავრობის დადგენილების შესაბამისად, 2022 წელსაც გაიცემა 100%-იანი, 70%-იანი და 50%იანი სასწავლო გრანტები.

სწავლების ერთსაფეხურზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა მხოლოდ ერთხელ!

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესაძლებლობა აქვს იმ აბიტურიენტსაც, რომელმაც წინა წლებში მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება და სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. თუ ჩაირიცხა, გრანტი გამოყენებულად ეთვლება. ორი ან მეტი არჩევითი საგნის ჩაბარების შემთხვევაში, ერთ-ერთ მათგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერ გადალახვის (ჩაჭრის) ან გამოცდაზე არგამოცხადების გამო, აბიტურიენტი შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტისთვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობის არა უმეტეს 2%-ისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამით, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით.

აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესი:

აბიტურიენტი აკადემიურ პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს სამი საგნის შედეგის გათვალისწინებით - ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და მათემატიკის/ისტორიის/გეოგრაფიის/სამოქალაქო განათლების/ლიტერატურის/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/ფიზიკის/ქიმიის/ბიოლოგიის გამოცდებში მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულით რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური პროგრამისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში. გაითვალისწიწეთ: იმისათვის, რომ აბიტურიენტის მიერ ამა თუ იმ საგანში მოპოვებული ქულა გათვალისწინებულ იქნეს მისი აბსოლუტური ქულის დათვლისას, აუცილებელია, რომ აღნიშნული საგნის ჩაბარება სავალდებულო იყოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად. თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის 4 საგნის ჩაბარება სავალდებულო, ვინაიდან უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დამატებითი საგანი დააწესა, აბიტურიენტი ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას – აბიტურიენტს უფლება აქვს გრანტი მოიპოვოს როგორც ზემოაღნიშნულ სამ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ისტორია/მათემატიკა) მოპოვებული აბსოლუტური ქულის, ისე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენასა და დამატებით (მეოთნე) საგანში მოპოვებული აბსოლუტური ქულის შესაბამისად. აბიტურიენტი ორ საგრანტო კონკურსში იღებს მონაწილეობას იმ შემთხვევაშიც, თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად სამი სავალდებულო საგანია განსაზღვრული, თუმცა მესამე სავალდებულო საგნად განსაზღვრულია რამდენიმე საგანი და აბიტურიენტი ამ საგნებიდან ორს ან მეტს აბარებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203