რას მოიაზრებს წერითი დავალება „რაფთ“ და როდის უნდა გამოიყენოთ ის?
20-07-2022

წერითი დავალება „რაფთ“ დიფერენცირების ეფექტური საშუალებაა. ის გულისხმობს მოსწავლის გააზრებულ არჩევანს წერითი დავა­ლების შესრულებისას.

განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების სახელმძღვანელოს თანახმად, „რაფთ“ სახელწოდება შემდეგი სიტყვების ერთობლიობას ნიშნავს: როლი (ვისი პერსპექტივიდან წერს ავტორი? ვინ წერს?); აუდიტორია (ვისთვის იწერება?); ფორმა (როგორია ნაწერის ფორმა?); თემა (რა თემას ეხება ნაწერი?).

მასწავლებელს შეუძლია სთხოვოს მოსწავლეებს, დაფიქრდნენ შესასწავლი მასალის ში­ნაარსზე და მოემზადონ წერითი დავალების შესასრულებლად. თუმცა, ვიდრე წერას დაიწყე­ბენ, მათ უნდა გადაწყვიტონ, ვის როლს მოირგებენ, ვისი პოზიციის გამოხატვას შეეცდებიან საკუთარი ნაწერით. ამის შემდეგ მოსწავლემ უნდა შეარჩიოს აუდიტორია, რომელსაც მიმარ­თავს. როლისა და აუდიტორიის შერჩევის შემდეგ, მოსწავლე გადაწყვეტს, რა ფორმით სურს სათქმელის გამოხატვა და კონკრეტულად რომელ თემაზე სურს აქცენტის გაკეთება.

„რაფთ“ არის წერითი დავალების შესრულების შემოქმედებითი სტრატეგია. იგი იძლევა დი­ფერენცირებული სწავლების მიდგომების გამოყენების შესაძლებლობას. მისი გამოყენებით მოსწავლე საკუთარ თავს მოარგებს კონკრეტულ როლს და ურთიერთობას ამყარებს მის მიერ შერჩეულ კონკრეტულ აუდიტორიასთან, რაც მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, შეაფასოს მოსწავლის რეალური გამოცდილება, ცოდნა და შეხედულებები გარკვეულ საკით­ხებზე. მოსწავლეები მეტი ენთუზიაზმით და ხალისით ერთვებიან ისეთ სამუშაოში, რომელიც მოსწავლეთა ინ­ტერესებს ითვალისწინებს. 

„რაფთ“-ის გამოყენება შესაძლებელია ყოველთვის, როცა მასწავლებელი საჭიროდ ჩათვლის წერითი დავალების მიცემას მოსწავლეებისთვის. მიზანი შეიძლება იყოს მოსწავლეების განვითარება გარკვეული მიმართულებით, პროექტის შეჯამება, ან უბრა­ლოდ გამოყენებული იყოს, როგორც სახალისო, დამაინტერესებელი აქტივობა.

„რაფთ“ წერითი დავალება მოსწავლეებმა შეიძლება შეასრულონ გაკვეთილზე ან მის შემდეგ, როგორც საშინაო დავალება. მასწავლებელმა უნდა წაახა­ლისოს მოსწავლეები, მოიძიონ ინფორმაცია ვებგვერდებზე, ჟურნალებში, გაზეთებსა და წიგნებში. გარდა იმისა, რომ ეს ინსტრუმენტი დიფერენცირების კარგ შესაძლებლობას იძლევა, მისი გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია შეაფასოს როგორც მოსწავლეთა წინარე ცოდნა, ისე თემის შესწავლის პროცესში მოსწავლის მიერ საკითხის გაგებისა და გაანალიზების ხარის­ხიც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203