დღეს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემტიკასა და სომხურ ენაში აბარებენ. აპლიკანტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც სკოლიდან დამსხურებული ჯილდოს სანაცვლოდ წავიდნენ. როგორც etaloni.ge - სთან ყოფილმა პედაგოგმა განაცხადა, მართალია 2 წლის წინ სკოლაზე უარი თქვა, თუმცა სახლში ყოფნა რთული აღმოჩნდა, ამიტომაც სკოლაში დაბრუნება გამოცდაზე გასვლით და სტატუსის მოპოვებით გადაწყვიტა. „მე პენსიონერი ვარ, 2 წლის წინ დამსახურებული ჯილდო ავიღე და სკოლიდან წავედი, მაგრამ სახლში ვერ ვძლებ, ამიტომ გამოცდაზე გავედი. ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტზე ვიყავი გამოსული. კმაყოფილი ვარ, მგონია, რომ კარგად დავწერე და ვნახოთ, რა იქნება. იმედი მაქვს კვლავ შევძლებ სკოლაში დაბრუნებას.“
„ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დავწერეთ. ადვილი იყო, არ იყო ისეთი რთული, რომ ვინმეს ვერ დაეწერა. შეიძლება მოვიდეს ადამიანი, რომელიც საერთოდ არაა მომზადებული, მაგრამ დაწეროს. ვფიქრობ, იმასთან შედარებით, რაც თუნდაც უნივერსიტეტში ვისწავლეთ, მარტივია. თემები ძალიან კარგი იყო, ერთ-ერთი იყო რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს კომპიუტერს. ერთი-ორი კითხვა დამაბნეველი იყო, მაგრამ, საერთო ჯამში, მგონია რომ კარგად დავწერე“.
„გააზრებაში „თავსაფრიანი დედაკაცის“ მონაკვეთი იყო, რომლის მიხედვითაც მთავარი სათქმელი და რა მხატვრული ხერხები გამოიყენა ავტორმა, ის უნდა დაგვეწერა. კიდევ იყო ოთარ ჭილაძის ნაწყვეტი ინტერვიუდან, სადაც კომპიუტერსა და ცივილიზაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ კულტურული ადამიანი უნდა ეცადოს და ცივილიზაციაში არ უნდა დაიკარგოს. უფრო რთულს ველოდი და ნაწერით კმაყოფილი ვარ“.
„მე-7 - მე-12 კლასის გამოცდაზე პირველად გავდივარ. ისე, 1-ელი - მე-6 ჩაბარებული მაქვს. გამოცდის საკითხები პროგრამიდან თითქმის ყველაფერს მოიცავდა“.
„მათემატიკა ვწერე. საკითხები თითქმის ყველა თემიდან იყო. პროგრამულად რასაც მე-12 კლასამდე გადიან ეგ იყო. ერთი-ორი საკითხი გამირთულდა, ისინი უფრო ფუნქციებს შეეხებოდა. გამოცდაზე მეორედ გავდივარ. ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ“.