ცნობილია იმ აპლიკანტების სია, რომლებიც დამატებით გამოცდას ჩააბარებენ - ვადები და დეტალები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისა და აბიტურიენტებისთვის დამატებითი საგამოცდო სესიის ახალ ვადებს ასახელებს. დამატებითი გამოცდები აბიტურიენტებისთვის ამჯერად ინგლისურში, რუსულში, ქიმიასა და ლიტერატურაში ჩატარდება; პედაგოგებისა და მსურველებსთვის სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. ასევე დამატებითი სესია დაინიშნა სპეცმასწავლებლებისთვის.
იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო გამოცდებზე დასწრება, 24 ივლისს განისაზღვრა ერთი დამატებითი საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში:
- ინგლისური ენა (პირველი სესია);
- რუსული ენა (პირველი სესია);
- ქიმია (პირველი სესია);
- ლიტერატურა (პირველი სესია).
26 ივლისს კი ჩატარდება გამოცდა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (პირველი სესია).
იმ უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილე პირებისთვის, რომლებმაც ვერ შეძლეს COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო გამოცდებზე დასწრება, დამატებითი სესია გაიმართება 24 ივლისს (პირველი სესია).
გაითვალისწინეთ, რომ გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ცხრილში მითითებულ დროსა და ადგილას.
სხვა გამოცდების დამატებითი სესიების თაობაზე ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.