მოსწავლეების დაზღვევა სავალდებულოა - თბილისის საჯარო სკოლების ნაწილს ტრანსპორტი მოემსახურება
21-07-2022

სააგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

ტრანსპორტირებით თბილისის 30 საჯარო სკოლის 600-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.  წინადადებების მიღება 13 აგვისტოს დაიწყება და 18 აგვისტოს დასრულდება. ტრანსპორტირებით მომსახურეობის შესასყიდად 3 მილიონ 927 ათასი ლარია გამოყოფილი.

სკოლების ჩამონათვალი

სატენდერო პირობის მიხედვით:

საჯარო სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის მომსახურება უნდა განხორციელდეს წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით ტექნიკურად გამართული, შესაბამისი მოცულობისა და რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი, მიკრო ავტობუსი, მსუბუქი ავტომობილი) თითოეული მარშრუტისათვის უნდა შეირჩეს გადასაყვან ბავშვთა რაოდენობისა და ადგილის რელიეფის შესაბამისად. დაცული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი უსაფრთხო გადაადგილების ყველა ნორმა. ტრანსპორტირებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი პირობები, რომელიც გამორიცხავს მოსწავლეთა ჯანმრთელობის ზიანს. ასევე, მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას ავტოსტრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ნიშნით, რომელიც მიუთითებს, რომ ხორციელდება ბავშვების გადაყვანა. საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს უნდა იყვნენ გამყოლები და სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის.

სატრანსპორტო მომსახურების განხორციელების პერიოდში სავალდებულოა მოსწავლეთა დაზღვევა, რომლის ასანაზღაურებელი ლიმიტი არ უნდა იყოს 1500 ლარზე ნაკლები.

სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის სასწავლო დღეების შესაბამისად, 15 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203