სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესი იცვლება - დეტალები
21-07-2022

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებსა და გამომცემლებს შეხვდნენ, სადაც სახელმძღვანელოების შინაარსისა და ფორმის შესახებ ისაუბრეს, მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და გრიფირების პროცესის მონაწილეთა მოსაზრებებს გაეცნენ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, სასკოლო სახელმძღვანელოები არის ხარისხიანი განათლების მიღების გზაზე უმნიშვნელოვანესი რესურსი.

„კომიტეტი თემატურ მოკვლევას ახორციელებს, რომელიც მოიაზრებს სასკოლო რესურსების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კვლევას. ვიდრე სახელმძღვანელო მოსწავლის მერხზე აღმოჩნდება, ის გადის შემოწმების მნიშვნელოვან პროცესს. დღეს ამ პროცესთან დაკავშირებით გვქონდა ძალიან სერიოზული საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს კომფორტული მასში მონაწილეებისთვის. სახელმძღვანელოების ხარისხი თავისი შინაარსით და ფორმით უნდა უზრუნველყოფდეს მაღალი ხარისხის განათლებას ჩვენი მოსწავლეებისთვის. სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რომელიც ასევე მალე აისახება გრიფირების წესში. ჩვენს სკოლებს შესაძლებლობა აქვთ გამოიყენონ არამხოლოდ გრიფირებული სახელმძღვანელოები სწავლა-სწავლების პროცესში. თემატური მოკვლევა გრძელდება, ხოლო მოკვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები და შენიშვნები შეხვედრის შემდეგ დოკუმენტურად იქნება ფორმულირებული და გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განვითარდეს ეს პროცესი, დავინახოთ რისი გაკეთება შეგვიძლია უკეთესად და კიდევ რა გამოწვევები არსებობს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203