„მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება ნიშნავს, სკოლის მოსწავლეების მიმართ მეტ პატივისცემას“
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, UNICEF და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ხელს შეუწყობენ სკოლის მასწავლებელთა, სკოლამდელი განათლების დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგებისა და უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას ინკლუზიური განათლების მიმართულებით, როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ სივრცეში სხვადასხვა აქტივობებისა და ინიციატივების განხორციელებით.
ფონდთან თანამშრომლობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი რვა პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად პედაგოგებისთვის და სპეციალური მასწავლებლებისთვის შეიმუშავებს ტრენინგმოდულებს, რომლებიც აღიარებული იქნება როგორც პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, ფონდი ცენტრთან თანამშრომლობით მხარს დაუჭერს უნივერსიტეტების შემდგომ გაძლიერებას, ადრეული ინკლუზიური განათლების მიმართულებით აკადემიური პერსონალის ქოუჩინგის გზით.
UNICEF-ის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ხალილი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე, თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივ ღონისძიებებსა და აქტივობებზე შეთანხმდნენ.
ღასან ხალილი: „პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა გაეროს ბავშვთა ფონდსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რადგან ეს არის ხარისხიანი განათლების წინაპირობა. UNICEF წლებია მუშაობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე როგორც საქართველოში, ასევე გლობალური მასშტაბით, რაც თითოეული ბავშვის უმთავრესი უფლებაა. მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი უნარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ბავშვთა სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასთან, რაც თავის მხრივ ნიშნავს სკოლის მოსწავლეების მიმართ მეტ პატივისცემას.“
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, UNICEF-ისა და მასწავლებლის სახლის ურთიერთობა არის მაგალითი სახელმწიფო უწყებასა და საერთაშორისო ორგანიზაციას შორის წარმატებული თანამშრომლობის.
ბერიკა შუკაკიძე: „ ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო, მრავალმხრივი ურთიერთობა. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ოფიციალურ შეხვედრებს მიღმა, არაფორმალურ გარემოშიც განგვიხილავს. რაც შეეხება აღნიშნული მემორანდუმის საგანს, ის შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, მათ შორის დაწყებით განათლებას, რაშიც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, ასევე ბავშვთა უფლებების ცენტრებს უნივერსიტეტებში, რომელთა ანალოგსაც უახლოს მომავალში ცენტრშიც გავაკეთებთ. გარდა ამისა, არის ძალიან ბევრი საკითხი ზოგადი განათლების კუთხით, რაშიც UNICEF - ს დიდი გამოცდილება აქვს და მისი გაზიარების შესაძლებლობა ჩვენ სწორედ ამ თანამშრომლობის ფორმატში მოგვეცემა“.