„ჩვენი მიზანია, ისტორიის სწავლებას განსაკუთრებული ადგილი მივანიჭოთ“
25-07-2022

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო პროექტ - ისტორიის კონკურსების, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონკურსი გერმანული კიორბერის ფონდისა (Körber-Stiftung) და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის - DVV International-ის ეგიდითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აქცენტი გააკეთა ისტორიის კონკურსის - „30 წელი საბჭოთა კავშირის შემდეგ“, მნიშვნელობაზე საქართველოსთვის.

მისი თქმით ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია და იმ დროს, როცა რეგიონში რუსეთის აგრესიამ უპრეცედენტო გამოწვევები შექმნა მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით, უახლესი ისტორიის სწორად გადმოცემა და გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენი მიზანია ისტორიის სწავლებას განსაკუთრებული და კუთვნილი ადგილი მივანიჭოთ, რადგან პატრიოტიზმი, კრიტიკული ანალიზისა და თავისუფალი აზროვნების უნარები ამ საგნის სრულფასოვან გააზრებაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული. გასულ წელს საქართველო ევროპის საბჭოს ისტორიის სწავლების ობსერვალორიუმის წევრი გახდა. ამ პლატფორმაზე საქართველოს გააქტიურება არა მხოლოდ ჩვენი განათლების სისტემის, არამედ ქვეყნის ევროპული პერსპექტივისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში შეირჩა თემები როგორც მასწავლებელთა ტრენინგების, ასევე მოსწავლეთა კონკურსებისათვის. პროექტი ერთდროულად ხუთ ქვეყანაში: უკრაინაში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში განხორციელდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203