ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ლამაზად აღნიშნეს
28-03-2018
ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ტრაფარეტები დაამზადეს და საზოგადოებას მოუწოდეს - „46=47“, „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“.
სკოლის აღსაზრდელები დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდასაჭერად ჭრელი წინდების კამპანიასაც - „წინდა მინდა“ შეუერთდნენ. მოზარდებმა ფერადი წინდები შეიძინეს და ფოტოები გადაიღეს.
სკოლის დირექტორის ნინო ღვედაშვილის თქმით, ღონისძიებაში მთელი სკოლა ჩაერთო.
„ლამაზად აღნიშნა სკოლამ ეს დღე. სოლიდარობა, თანადგომა და სიყვარული დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს“,- აცხადებს სკოლის დირექტორი.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
ჭრელი წინდის კამპანიის ფარგლებში, მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან.