საბავშვო ბაღებში ასაკობრივი კურიკულუმი ინერგება - მასწავლებელის სახლი 
26-07-2022
თბილისის N100 საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, პროექტის „ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა პრაქტიკოსების პროფესიული განვითარების გზით“ პილოტირების შედეგები წარმოადგინეს.

პროექტს გაეროს ბავშვთა ფონდთან (unicef) თანამშრომლობის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ქვეპროგრამა ახორციელებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული 2-დან 5 წლამდე და შერეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის კურიკულუმის „თამაში“ დანერგვის პილოტირება განხორციელდა.

კურიკულუმის დანერგვა მიმდინარეობდა ასევე ახალციხის N1, ბათუმის N34 და სოფელ წინანდლის საბავშვო ბაღებშიც. პილოტირება პირველი ეტაპზე გულისხმობდა აღმზრდელების და ბაღის ადმინისტრაციისთვის ტრენინგის ჩატარებას და შემდეგი 8 თვის განმავლობაში კურიკულუმის ექსპერტების მხრიდან პრაქტიკაში მხარდაჭერას/ქოუჩინგს.

პილოტირების შედეგები და მასზე დაყრდნობით შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება ბაღების გაერთიანებებს, უშუალოდ ბაღებსა და პრაქტიკოსებს, პილოტირების მიგნებების შესაბამისად დაგეგმონ კურიკულუმის დანერგვის პროცესი, რაც საბავშვო ბაღებში საგანმანათლებლო აქტივობების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203