შექმენით გარემო, სადაც მოსწავლეს არ გაუჩნდება შეცდომების დაშვების შიში - ყველაფერი, რაც განმავითარებელ შეფასებას ეფექტურს გახდის
განმავითარებელი შეფასება თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას ადგენს და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
განმავითარებელი შეფასება მოსწავლის ინდივიდუალურ წინსვლას ზომავს. ამ ტიპის შეფასება ეხმარება როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს, მათ შეუძლიათ, დააკვირდნენ და გამოიტანონ დასკვნები თავიანთ მიღწევებზე, გაიაზრონ რისი სწავლება მოხდა, რა პრობლემები წარმოიშვა მიმდინარე სწავლების პროცესში და სწავლების რა ნაწილი მოითხოვს შემდგომ დახვეწას.
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, განმავითარებელი შეფასების მიზნებია:
- სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;
- მოსწავლის წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობა.
მისი ამოცანებია:
- ცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესის შეფასება;
- წინარე ცოდნის/წარმოდგენების დადგენა;
- მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარის შეფასება;
- მოსწავლის მიერ საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად გააზრებული ნაბიჯების გადადგმის უნარის შეფასება;
- ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესის შეფასება;
- ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.
განმავითარებელი შეფასების დროს ძალიან მნიშვნელოვანია სწორი და ეფექტური უკუკავშირი. სწორედ უკუკავშირის მეშვეობით უნდა მოხდეს ნაკლოვანებების გამოსწორება, რაც საბოლოო ჯამში სწავლების პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.
მასწავლებელი განმავითარებელის შეფასების სტრატეგიების გამოყენებით უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს, კრიტიკულად გააანალიზონ თავიანთი მუშაობის ხარისხი და უჩვენოს, თუ როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება. განმავითარებელი შეფასების არსი სწორედ მოსწავლეთა მიღწევების დონის ამაღლება და მათი შესაძლებლობების გაფართოებაა. წარმატების კრიტერიუმი კი იმით განისაზღვრება, თუ რა ისწავლა მოსწავლემ ახალი, რა გამოასწორა, რამდენად გაიზარდა მისი სწავლის ხარისხი წინარე შედეგებთან შედარებით.
როგორ გავხადოთ განმავითარებელი შეფასება ეფექტური?
- მნიშვნელოვანია, მოსწავლე თავად იყოს ჩართული განმავითარებელ შეფასებაში. სწავლის პროცესის შეფასება მოსწავლეს გამოუმუშავებს დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევებს, დაეხმარება სწავლის სტრატეგიების ათვისებაში, საშუალებას მისცემს, გაცნობიერებულად შეუწყოს ხელი საკუთარ წინსვლასა და წარმატებას.
- შეფასებაში ჩართვის ძირითად მიზანს წარმოადგენს მოსწავლის გათვითცნობიერება სწავლის პროცესებში, რაც მას ამ პროცესების გააზრებულად და დამოუკიდებლად მართვას შეასწავლის. თუ მოსწავლე კარგად გაიაზრებს დავალების მიზანს იგი უკეთ დაინახავს იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადადგას სასურველი შედეგის მისაღწევად და უფრო გააზრებულად წარმართავს მიზნისაკენ მიმავალ პროცესებს. მაგალითად, თუ კომპლექსური დავალების დასრულებისას მას ვთხოვთ, გააანალიზოს რა ნაბიჯები გადადგა, რა შედეგს მიაღწია, რა მიდგომა გამოიყენა, კიდევ რომელი მიდგომის გამოყენება შეიძლებოდა ან აჯობებდა, რამ შეუქმნა პრობლემა, რა გაუჭირდა ან ვერ გადაჭრა და რატომ, რა გაუადვილდა, რამ შეუწყო ხელი წარმატებაში და სხვ., ეს ხელს შეუწყობს მისი სწავლის ქმედუნარიანობის გაზრდას.
- მოსწავლეებმა უზრუნველყონ თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.
- მასწავლებელმა გასცეს ეფექტური და კონსტრუქციული უკუკავშირი, რომელიც ფოკუსირებულია მიღწეული შედეგების ხარისხზე.
- ეფექტური და კონსტრუქციული უკუკავშირი ასევე მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლეებმა იცოდნენ, რა უნდა გაკეთდეს სწავლის შემდგომი გაუმჯობესებისთვის.
- საჭიროა სწავლა-სწავლებისადმი ერთობლივი მიდგომა, რაც გულისხმობს ანალიზზე, დისკუსიასა და რეფლექსიაზე აქცენტირებას.
- მასწავლებელმა უნდა შექმნას ატმოსფერო, სადაც მოსწავლეს არ გაუჩნდება შეცდომების დაშვების შიში.
შეგახსენებთ, რომ I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება, V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში კი განმავითარებელთან ერთად აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასებაც.