„ჩვენ სპორტული დარბაზი გვჭირდება“ - გზავნილი კორტოხის საჯარო სკოლიდან
29-03-2018

კორტოხის საჯარო სკოლა ხულოს რაიონში მდებარეობს და იმ მაღალმთიან რეგიონს მიეკუთვნება, სადაც ზამთარი ძალიან დიდხანს გრძელდება. ხშირი და ხანგრძლივი თოვლი სკოლის მოსწავლეებს მხოლოდ ერთ პრობლემას უქმნის - სპორტული მოედანი თოვლით იფარება. სკოლას სპორტული დარბაზი არ გააჩნია და ამიტომ ზამთარში მოსწავლეები სპორტულ ცხოვრებას მოწყვეტილნი არიან. 

კორტოხის საჯარო სკოლის მე-11 კლასში სწავლობს იაშა პაქსაძე, რომელიც სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. მან და მისმა მეგობრებმა სპორტული მოედნის თოვლის საფარისგან გაწმენდა შეძლეს. 

- საიდან მოგივიდათ ეს იდეა და როგორ შეძელით მისი განხორციელება? 

- როგორც იცით, ჩვენთან თოვლი დაახლოებით 6-7 თვე არ დნება ხოლმე, ამიტომ მე და ჩემს მეგობრებს მოგვივიდა იდეა, გაგვეწმინდა მოედანი. ჩვენ აქტიურად ვიღებთ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობას და მოედანი გვჭირდებოდა. არც ისე მარტივი საქმე გამოდგა, მაგრამ სურვილი დიდი იყო და ახლა მოედანი თოვლის საფარისგან გაწმენდილია. სკოლის ადმინისტრაციაც დაგვეხმარა, სამუშაო იარაღებით მოგვამარაგა და დანარჩენი საქმე ჩვენ გავაკეთეთ. 

- სპორტული აქტივობები ახსენე, მოგვიყევი ამის შესახებ.

- ჩვენ ჩართული ვართ სპორტულ ოლიმპიადებში. გვაქვს წარმატებები მინი ფეხბურთში, ფრენბურთსა და მხიარულ სტარტებში. მიუხედავად იმისა, რომ სპორტული დარბაზი არ გვაქვს, ჭიდაობისა და მაგიდის ჩოგბურთის სექცია მაინც აქტიურად მუშაობს. ჩვენი სკოლიდან არიან აჭარისა და რაიონის ჩემპიონები ქართულ ჭიდაობაში: კობა პაქსაძე, კახა პაქსაძე და პრიზიორები: აჩიკო ბოლქვაძე, ენრი ბოლქვაძე, გოდერძი პაქსაძე და ლუკა პაქსაძე. ამ ყველაფერში ძალიან გვეხმარება სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე და სპორტის პედაგოგები: ბადრი ბოლქვაძე და ანზორ პაქსაძე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ. 

- რა გზავნილს გაუგზავნიდით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს? 

- იმის გამო, რომ სპორტული დარბაზი არ გვაქვს, ვერ ვასწრებთ ყველა სპორტულ შეჯიბრებაში დროულად ჩართვას. ჩემი და ჩემი მეგობრების სურვილია, შეგვეძლოს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება, ვიყოთ ჩართული ყველა ღონისძიებაში და მოგვეცეს თვითგანვითარების შესაძლებლობა. ამისთვის კი სპორტული დარბაზი ძალიან გვჭირდება. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203