ასლან დიასამიძე ღურტის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. მისი სახლიდან სკოლამდე სამი კილომეტრია. ასლანს ყოველდღე 6 კილომეტრის გავლა უწევს. სიარული განსაკუთრებით ზამთარში ჭირს, რადგან თოვლი იმდენად დიდია, რომ გზები იკეტება.
- ასლან, მოგვიყევი შენ შესახებ.
- მე ვცხოვრობ სოფელ გელაძეებში, რომელიც ჩემი სკოლიდან სამი კილომეტრითაა დაშორებული. ფეხით დავდივარ, რადგან ჩემი სოფლიდან მხოლოდ მე ვარ მოსწავლე და ტრანსპორტი აქამდე არ მოდის. მიყვარს წიგნების კითხვა, სწავლა. ხანდახან ბებია-ბაბუას ვეხმარები საოჯახო საქმეებში.
- გიჭირს სკოლამდე მისასვლელი გზის გავლა და როგორ აგვარებ ზამთარში ამ პრობლემას?
- ზამთარში თოვლის გამო სიარული მიჭირს, სხვა დროს დიდად არა. თუ გზაში რაიმე პრობლემა შემექნა, ვურეკავ დამრიგებელს და დირექტორს და ისინი ცდილობენ დახმარებას და ჩემს სკოლამდე მიყვანას.
- ამხელა მანძილზე სიარულისას არ იღლები?
- კი, ზოგჯერ ძალიან ვიღლები, მაგრამ სკოლაში წასვლა აუცილებელია, რადგან ხომ უნდა ვისწავლო. წლის ბოლოს, გამოცდები მაქვს ჩასაბარებელი და ვემზადები. სკოლის გარეშე კი ვერ შევძლებ მეცადინეობას.