ბაღებისთვის სტანდარტის პროექტი მომზადდა - დეტალები
02-08-2022
ავტორიზაციის სტანდარტებისა და გადამუშავებული ტექნიკური რეგლამენტების საჯარო განხილვები გრძელდება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის განმახორციელებელი დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების პროექტის და ტექნიკური რეგლამენტების გადამუშავებული ვერსიების საჯარო განხილვა ქალაქ გორში გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მხარეში მოქმედი მუნიციპალიტეტების მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები, რესურსცენტრების თანამშრომლები, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ავტორიზაციის სტანდარტების პროექტი, ასევე, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების, კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმებისა და შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების გადამუშავებული ვერსიები.
აღსანიშნავია, რომ შემუშავებული დოკუმენტები მომზადდა საკოორდინაციო საბჭოს წევრთა აქტიური ჩართულობით და განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სურსათის ეროვნულს სააგენტოსთან.