„სკოლიდანაც კარგი ბაზა მქონდა, ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა“-აბიტურინეტი, რომელმაც ქართულსა და მათემატიკაში მაქსიმალური ქულები მოიპოვა
03-08-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების ნაწილის პირველადი შედეგები უკვე გამოაქვეყნა. ქართულ ენასა და მათემატიკაში უმაღლესი ქულები ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის N41 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, მარიამ კახიძემ დაიმსახურა.

წარმატებულმა აბიტურიენტმა ქართულში 60-დან 60, ხოლო მათემატიკაში 51-დან 51 ქულები მოიპოვა. მარიამმა ინგლისურ ენაშიც მაღალი შეფასება - 77 ქულა დაიმსახურა.

etaloni.ge-ს წარმატებულმა აბიტურიენტმა საკუთარი გამოცდილება და სამომავლო გეგმები გაუზიარა. როგორც აღმოჩნდა, მარიამი კომპიუტერულ მეცნიერებებზე აპირებს სწავლის გაგრძელებას. 

„მაღალ ქულებს ველოდებოდი, თუმცა მაქსიმალური მაინც მოულოდნელი იყო. ვფიქრობ, ამ შედეგებს, მთელი წლის მანძილზე მაქსიმალური შრომითა და ჩემი მიზნისკენ სწრაფვით მივაღწიე. სკოლიდანაც კარგი ბაზა მქონდა, რადგან კარგ სკოლაში - ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის N41 საჯაროში ვსწავლობდი და ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. 

ამჟამად, სწავლის გაგრძელებას კომპიუტერულ მეცნიერებებზე ვაპირებ. უნივერსიტეტზე ჯერ კიდევ ვფიქრობ ან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ავირჩევ ანდაც თავისუფალ უნივერსიტეტს. ეს განხრა იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემთვის ტექნოლოგიებთან და მომავლის პროფესიასთან ასოცირდება. თანაც, მათემატიკას უკავშირდება და ყველაზე მეტად, სწორედ კომპიუტერულმა მეცნიერებებმა დამაინტერესა.

ჩემთვის იმ სამ საგანში, რომლებიც ჩავაბარე (ქართული, მათემატიკა და ინგლისური) ყველაზე რთულად, მაინც მათემატიკას ვთვლი. თავიდან ინგლისური უფრო მარტივად მეჩვენებოდა, მაგრამ საბოლოოდ ქართულში უმაღლესი შეფასება მივიღე, უცხო ენაში კი მექანიკური შეცდომები მქონია გაპარული. წლევანდელი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩემთვის საინტერესო იყო. ახალი ფორმატიც მისაღებად მიმაჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ მოსწავლის უნარები კარგად ფასდება და დამატებით ისიც მომწონს, რომ პრობლემები, რომლებიც გამოცდაზეა მოცემული ახალ თაობას დაფიქრების საშუალებას გვაზლებს. ეს ყველაფერი კი, ვფიქრობ, ძალიან კარგია.

მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი მაქსიმალურად იმუშაონ საკუთარ თავზე და მაშინ, შედეგიც აუცილებლად შესაბამისი იქნება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკუთარი თავის რწმენაა“, - ამბობს მარიამ კახიძე.

ასევე იხილეთ:

უცხოური ენების ტესტის ქულები ცნობილია - „ნაეკი“

მათემატიკის გამოცდის შედეგები ცნობილია - ნაეკი

ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგები გამოქვეყნდა

ფიზიკაში 63-დან 61 ქულა მიიღო აბიტურიენტმა, რომელიც რეპეტიტორთან არ მომზადებულა

გაიცანით აბიტურიენტი, რომელმაც ქართულის გამოცდაზე უმაღლესი - 60 ქულა მიიღო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203