„საჭმელი, წამლები...“ - პირველივე, რაც 10 წლის მიხაილომ გვითხრა, თუ რა სჭირდებოდა ეს იყო“ - PHR-მა სასამართლოს მიმართა
არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) უკრაინელი ბავშვებისთვის თავშესაფრისა და აუცილებელი პირობების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია წერს, რომ პირველ აგვისტომდე 9 და 10 წლის ძმები დედასთან ერთად საქართველოში სასტუმორში ცხოვრობდნენ, თუმცა მთავრობამ ისინი ქუჩაში, მშიერი დატოვა.
„2022 წლის 24 თებერვალი განსხვავებულად გათენდა 9 წლის ვოლოდიმირისა და 10 წლის მიხაილოსთვის* (* ბავშვების სახელები შეცვლილია კონფიდენციალურობიდან გამომდინარე). ისევე როგორც მილიონობით უკრაინელი ბავშვის, მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. თითქმის ყოველ დღე ისმოდა საჰაერო განგაში, რასაც რუსეთის მხრიდან ბავშვების ქალაქში ბომბების ჩამოყრა მოჰყვებოდა. ძმებმა ერთი კვირა სარდაფიდან გამოუსვლელად გაატარეს. 2022 წლის ივნისში დედამ საქართველოში წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო და 13 ივნისს ჩამოვიდა.
2022 წლის პირველ აგვისტომდე ვოლოდიმირი და მიხაილო* უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილებისთვის განკუთვნილ სასტუმროში ცხოვრობდნენ, სადაც სამჯერადი კვებით იყვნენ უზრუნველყოფილნი, თუმცა პირველ აგვისტოს საქართველოს მთავრობამ ბავშვები დედასთან და კიდევ ათობით სხვა უკრაინელთან ერთად ქუჩაში და ფაქტობრივად მშიერი დატოვა“, - წერს ორგანიზაცია.
PHR-ის ცნობით, პირველივე, რაც 10 წლის ბიჭმა მათ უთხრა, თუ რა სჭირდებოდა იყო - "საჭმელი, წამლები... საცხოვრებელი", ასევე, თქვა, რომ ძალიან უნდოდა სათამაშოები.
„ჩამონათვალში ძმაც აჰყვა - კალათბურთის ბურთი უნდოდა, პლანშეტი და სკუტერი და კიდევ მრავალი სათამაშო, რომელიც 9 და 10 წლის ბავშვებს უნდათ. შუა ლაპარაკისას ერთ-ერთი საკვები მაღაზიის სარეკლამო ბუკლეტები მოგვიტანეს და დაგვიტოვეს. ბავშვებმა თვალიერება დაიწყეს, ბავშვები ჩიფსებს, ძეხვებს თითებს ადებდნენ და თან დედას ეჩურჩულებოდნენ. დედა უხერხულად იღიმოდა. საუბრისას ასევე გაირკვა, რომ წინა სასტუმრო, სადაც განთავსებული იყვნენ დედა და ძმები, აეროპორტთან ახლოს მდებარეობდა, თვითმფრინავის ხმაზე ბავშვები შიშით კრთებოდნენ და შფოთვა ეწყეოდათ
“, -
წერს ორგანიზაცია.ორგანიზაციამ სამ აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ.