„ინგლისურის შედეგი 100%-ით მარტო ჩემი დამსახურებაა, ქართულის - მასწავლებლის“- რა გზა გაიარეს აბიტურიენტებმა, უმაღლესი ქულების მისაღებად
04-08-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების ნაწილის პირველადი შედეგები უკვე გამოაქვეყნა. ინგლისურში მაქსიმალური 80 ქულიდან 80 ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, მარიამ ლემონჯავამ, ხოლო ქართულში უმაღლესი 60-დან 60 თბილისის N52 საჯარო სკოლიდან ვერიკო შელიამ და სამტრედიის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ცისია ხურცილავამ დაიმსახურეს.

etaloni.ge-სთან წარმატებულმა აბიტურიენტებმა ისაუბრეს და სამომავლო გეგმები გაამხილეს.

ინგლისურ ენაში უმაღლესი ქულის მფლობელი მარიამ ლემონჯავა, გაცვლითი პროგრამით გერმანიაში იმყოფებოდა და სექტემბერში გამგზავრებას კვლავ აპირებს. ასევე აბიტურიენტი ამერიკის 3 უნივერსიტეტში: Uc Berkeley,UCLA და Florida international university 70%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.

„ძალიან გამიხარდა მაქსიმალური ქულის მიღება, რადგან დიდად არ ველოდი ამ შედეგს. ინგლისურთან ერთად: ქართული, ლიტერატურა და ისტორია ჩავაბარე. დაბრუნების შემდგომ სწავლის გაგრძელებას საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე, ან საჯარო მმართველობაზე ვგეგმავ.

რეპეტიტორთან მხოლოდ ქართულსა და ისტორიაში ვემზადებოდი. ინგლისურში საერთოდ არ მოვმზადებულვარ, ჩემით ვსწავლობდი. ვაკეთებდი ტესტებს და იმ წიგნებს მივყვებოდი, რასაც რეპეტიტორები იყენებენ. ინგლისურის დონე რითიც განვივითარე იყო ის, რომ ვკითხულობდი სტატიებს, ფილმებს და ვიდეოებს ვუყურებდი. პატარაობიდან ამ ენაზე ვარ ორიენტირებული, რადგან ჩემ მომავალს სწორედ ინგლისურ ენას ვუკავშირებ. ინგლისურში ეს შედეგი 100%-ით ჩემი დამსახურებაა. დაახლოებით 11-12 წლის ასაკიდან ჩვეულებრივ მესმოდა და ფილმებს სუბტიტრეპის გარეშე ვუყურებდი. მეორე კლასიდან დავიწყე სწავლა და მალევე ავითვისე. ქართულსა და ლიტერატურაში მიღწეული შედეგი ჩემი მასწავლებლების დამსახურებაა, რადგან მთელი ძალისხმევით მასწავლიდნენ, მაგრამ ინგლისურში ჩემ თავს ვუმადლი“,- ამბობს მარიამ ლემონჯავა.

ასევე ძალიან წარმატებულმა აბიტურიენტმა, ვერიკო შელიამ ქართულში მაქსიმალური 60 ქულა მოპოვა. ვერიკოს მომავალში დიდი გეგმები აქვს, რომლისთვისაც თავდაუზოგავად შრომობს. ვერიკო სწავლის გაგრძელებას თავისუფალ უნივერსიტეტში გეგმავს.

„მაღალი ქულის მოლოდინი მქონდა, თუმცა მაქსიმალურს არ ველოდი. შედეგის ნახვა ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. ამ ქულამ დააფასა ის შრომა, რაც მთელი წლის მანძილზე გავწიე. ზოგადად, სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ბოლო ერთი წელი ძლიერ ფილოლოგთან, დარეჯან თოლორაიასთან ვემზადებოდი, რომელსაც თავი არ დაუზოგავს. ქართულთან ერთად მათემატიკა, ისტორია და გერმანული ჩავაბარე. მიმაჩნია, რომ ჩემი შედეგები სკოლის მასწავლებლების დამსახურებაა. სწავლის გაგრძელებას თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნეს სკოლაში ვგეგმავ. ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა. მათემატიკა ძალიან მიყვარს და ჩემი ერთი დიდი მიზნის მიღწევაშიც, რომელსაც ჯერ ვერ გავამხელ ვფიქრობ, ეს ყველაფერი დამეხმარება“, - აღნიშნა ვერიკო შელიამ.

კიდევ ერთი უმაღლესი შედეგის მფლობელი აბიტურიენტი ცისია ხურცილავა არქეოლოგიაზე ფიქრობს სწავლის გაგრძელებას, რადგან მის ცხოვრებაში ისტორიას დიდი ადგილი უჭირავს. წარმატებული აბიტურიენტი მაღალ შედეგებს იმ პედაგოგებს უმადლის, რომლებმაც მისი განათლებისთვის დაუღალავად იშრომეს.

„ქართულში უმაღლეს ქულას ნამდვილად არ ველოდი... ცოტა გამიკვირდა და ამ შედეგს ვერ ვიჯერებდი. ქართულთან ერთად ისტორია და ინგლისური ენა ჩავაბარე. სწავლის გაგრძელებას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არქეოლოგიაზე ვგეგმავ. ეს პროფესია ძალიან მაინტერესებს და მიმიზიდა.

ჩემს შედეგებს, იმ პედაგოგებს ვუმადლი, რომელთანაც ვემზადებოდი: მაია ლორია, ნინო სტურუა და ნატო ჯამბურია. ამ ადამიანებმა უდიდესი შრომა გასწიეს, რათა მოსწავლეებს საუკეთესო შედეგები დაგვედო. სწორედ, მათი დაუღალავი შრომის შედეგია ჩემი ქულებიც. 

მინდა მომავალ აბიტურიენტებსაც ვურჩიო - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ცხოვრებაში პირველი მნიშვნელოვანი გამოცდაა არ ინერვიულონ. ამაში არც ისეთი დიდი სირთულეა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203