„ყოფილა პერიოდი, სახლიდან შეშაც კი მიგვიტანია, რომ სასწავლო პროცესი არ შეფერხებულიყო“- დირექტორები განვლილი სირთულეების შესახებ საუბრობენ
05-08-2022
სკოლის ხელმძღვანელობა რომ ძალიან რთულია, ამაზე სასკოლო საზოგადოება თანხმდება. დირექტორები ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ სკოლაში ატარებენ და მათ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, როგორც მოსწავლეების, ასევე საკუთარი თანამშრომლების წინაშე. 

etaloni.ge დაინტერესდა, თუ რა სირთულეებს უკავშირდება პროფესია - „დირექტორი“ და ამის გასაგებად საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა.

მარო ჩხიტუნიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლის დირექტორი:

პროფესია „დირექტორი“ ძალიან ბევრ სირთულეს უკავშირდება. ყველაფერი, რაც სკოლაში მიმდინარეობს: სასწავლო პროცესი, მენეჯმენტი, აბსოლუტურად ყველაფერი დირექტორის პასუხისმგებლობასა და კომპეტენციაზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე სკოლის ხელმძღვანელს უამრავი საზრუნავი და საქმე აქვს, რომელიც დიდი პასუხისმგებლობაა.

მე სკოლის დირექტორი უკვე 39 წელია ვარ. მოგეხსენებათ 1983 წლის შემდეგ სკოლების წინაშე უამრავი სირთულე იყო. ყველაზე რთულად 90-იანი წლები მახსენდება, როდესაც ჩვეულებრივი რეჟიმიდან მოულოდნელი წინააღმდეგობების წინაშე აღმოჩნდით, როგორებიც იყო: უსინათლობა, გათბობის პრობლემები, უხელფასობა... და აი, ამ გამოწვევების წინაშე, რომ დავდექით დირექტორები ალბათ, ეს იყო ყველაზე დიდი სიძნელე. ხელმძღვანელებს სირთულეები არასდროს გვაკლია, მაგრამ გამოსავალს ყოველთვის შედარებით იოლად ვნახულობთ. ყოფილა პერიოდი, სახლიდან შეშაც კი მიგვიტანია, რომ სასწავლო პროცესი არ შეფერხებულიყო და ბავშვებს თავი ცუდად არ ეგრძნოთ.

მე ასე ვიტყოდი - დირექტორობა პროფესია კი არა სპეციალობაა, რომელიც მრავალმხრივი უნდა იყოს. ხელმძღვანელი უნდა იყოს, როგორც კარგი მენეჯერი, ასევე სპეციალისტიც, რათა ძალიან კარგად ფლობდეს მეთოდოლოგიებს. ეს კი იმისთვის არის საჭირო რომ მასწავლებელს მისცე კომპეტენტური რჩევა-დარიგება, რომელსაც ის აუცილებლად გაითვალისწინებს. თუ მასწავლებელმა იგრძნო, რომ დირექტორი კომპეტენტური არ არის, მაშინ დამთავრებულია ყველაფერი.

ნუნუ ლობჯანიძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორობა ძალიან დიდ სირთულეებს უკავშირდება, როგორც ამბობენ ასი ყური და თვალი უნდა გქონდეს, რათა სკოლა მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის უსაფრთხო იყოს. ყველას მიაქციო სათანადო ყურადღება. პედაგოგები ძალიან კარგი მყავს, ყველა მხარში მიდგას. სირთულეებში ასევე იგულისხმება ოჯახსა და სკოლას შორის დროის გადანაწილება მით უფრო, სოფელში ვცხოვრობთ, სადაც ძალიან მძიმე პირობებია... მხოლოდ დირექტორის ხელფასით ვერ იცხოვრებ, თუ ფიზიკურ შრომასაც არ მისდევ ადამიანი. ზამთარი 8 თვე გრძელდება და მცირე დროში უნდა მოასწრო მოსავლის მოყვანა.

ჩემს კარიერაში ყველაზე რთულ პერიოდად ის დრო მახსენდება, როდესაც რეფორმები - სერტიფიცირება პირველად შემოვიდა. მაშინ მართლა დიდი სიძნელეების წინაშე დავდექით. ბევრი პედაგოგი წავიდა მაშინ სკოლიდან... ზოგმა გამოცდა ვერ ჩააბარა, ბევრიც საერთოდ არ გავიდა, ზოგიერთი კი 2 წლიანი ფულადი პრემიით პენსიაზე გაუშვეს. მძიმე დრო იყო სკოლისთვის... საფიქრალი მქონდა, როგორ პედაგოგებს შევარჩევდი, ვინ მოვიდოდა... თანაც, მთის სოფელში ყველას უჭირდა მოსვლა, მაგრამ „ასწავლე საქართველოს“ პროგრამით დღეს უკვე შესანიშნავი პედაგოგები მყავს. 

ვფიქრობ, დირექტორს სხვა ყველაფერთან ერთად, ადმინისტრაციული საქმიანობაც ძალიან კარგად უნდა ესმოდეს. მე პირადად, ჩემს საქმის მწარმოებელთან ერთად ფაქტობრივად სკოლაში მაღამდება ხოლმე. შვებულება ერთი დღეც კი არასდროს ამიღია. მართლა ძალიან რთულია დირექტორობა მით უფრო ჩვენნაირი მცირეკონტიგენტიანი სკოლებისთვის... ხელფასიც არ გვაქვს სათანადო.

სვეტლანა ბოჩიკაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი:

ადამიანი პროფესიით უნდა იყო დირექტორი და რას ვგულისხმობ - გულთან ახლოს უნდა მიიტანო ყველაფერი, გქონდეს პატივისცემა მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების მიმართ. დირექტორი ლიდერი უნდა იყო, თუ ეს თვისება გაქვს მაშინ სირთულე არაფერი იქნება. ასევე, მიმაჩნია, რომ სკოლის ხელმძღვანელი დღევანდელ ცხოვრებაშიც სათანადოდ გათვითცნობიერებული უნდა იყო და სიახლეებს ფეხს უწყობდე. დირექტორი ეთიკის კიდექსს უნდა იცავდეს და იგივეს სთხოვდეს სასკოლო საზოგადოებასაც, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

სირთულეები ყოველთვის არის. მე ოჯახური საქმიანობით ნაკლებად ვარ დაკავებული, ვინაიდან მარტო ვარ... ჩემს ყველა ენერგიას სკოლას ვახმარ. 15 წელია დირექტორი გახლავართ და შვებულებით არ მისარგებლია. ჩემი ცხოვრება სკოლაა. ვისაც ოჯახიც აქვს, ისინი ბევრად დაკავებულები არიან და უფრო რთულია მათთვის. ჩემთვის სკოლის ხელმძღვანელობა დიდ სირთულეებს არ უკავშირდება. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. 

ნავრეზ შავრეშიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლის დირექტორობას ძალიან ბევრი სირთულე უკავშირდება და ეს ძირითადად სასკოლო საზოგადოებასთან ურთიერთობას შეეხება. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ასე ვთქვათ, გლობალური სირთულეები არ გვქონია. 

ჩემი პირადი გამოცდილებით სიძნელეებს პედაგოგების განთავისუფლების საკითხია. თუნდაც ახლანდელი სიტუაცია, რომ ავიღოთ - პრაქტიკოსმა მასწავლებელმა, რომელიც სკოლაში დიდი ხანი ასწავლის და გამოცდა თუ ვერ ჩააბარა, მაშინ მომიწევს გავათავისუფლო... ეს ძალიან ძნელია. ასევე, სირთულე იყო, ის დროც, როდესაც სკოლაში საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილი პედაგოგები იყვნენ. თავდაპირველად დაუძლეველი მეჩვენებოდა, მაგრამ თანდათანობით შევძელი, რომ უფროსი თაობა ღირსეულად გავაცილეთ და მოვიყვანეთ ახალი კადრები. 

სკოლის დირექტორი 2014 წლიდან ვარ. ჩემთვის ამოსავალი წერტილი პასუხისმგებლობა და პატიოსნებაა. დირექტორის სიტყვას ის წონა და ფასი უნდა ჰქონდეს, რომელსაც ყველა მიჰყვება. ასევე მიმაჩნია, რომ სკოლის დირექტორის თანამდებობისგან ნეპოტიზმი შორს უნდა იყოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203