ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლაგოდეხის დაცული ტერიტორია დაათვალიერეს
30-03-2018
ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან თეა ტუხაშვილთან და კლასის ხელმძღვანელ ელიზა კირვალიძესთან ერთად ლაგოდეხის დაცული ტერიტორია დაათვალიერეს.

მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები გურგენიანის ტყე-პარკში იმყოფებოდნენ, სადაც მათ რეინჯერი მურმან ფოფხაძე დახვდათ, რომელმაც მოსწავლეებს არსებული ტერიტორიის შესახებ მინილექცია ჩაუტარა.

სკოლის აღსაზრდელებმა მასპინძილისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.

მოზარდებმა რეინჯერის დახმარებით დარგეს ნეკერჩლის, წიფლისა და სხვა ჯიშის ხეები. 

„ჩვენი მიზანი იყო დაგვერგო ახალი ნერგები ტყის იმ მონაკვეთზე, სადაც ეროზიების შედეგად უზარმაზარი ხეებია წაქცეული. მათ „სიცოცხლის ხეები“ ვუწოდეთ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მისი თქმით, მოსწავლეებმა ტყე-პარკში არსებული ისტორიული ძეგლების ნანგრევებიც დაათვალიერეს.

„დავათვალიერეთ გაზაფხულისგან ახლად გადამწვანებული ხეები და ხმელ ფოთლებში ჩამალული ისტორიული ძეგლების ნანგრევები, რომელიც საუკუნეებს ითვლის, თუმცა რამდენს, არავინ იცის. ხავსმოკიდებული დრო და ჟამის შესაფერისად გამოიყურება. მის ჩამოშლილ კედლებსაც ეტყობა გაზახულის მოსვლა. ლურჯთვალა იას ფესვი მოუკიდებია ქვებს შორის და მისულ სტუმრებს თითქოს ეუბნება - მობრძანდით და გაგვიცანითო. კაცის თვალისგან მოშორებულ ამ ძეგლს ნაკლებად იცნობს ხალხი, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ყოველთვის აღნიშნავს ბრწყინვალე გიორგობის დღესასწაულს, რადგან წმინდა გიორგის ეკლესიად არის წოდებული. ამ ძეგლს არ ჩატარებია კვლევა,  თუმცა  ვფიქრობთ რომ ბევრის მეტყველია. ჩვენი მიზანია, ეს ადგილი გავაცნოთ საზოგადოებას და რაც მნიშვნელოვანია - მომავალ თაობას. იქნებ მოვიდეს დრო რომ შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ და ჩაატარონ გათხრები. ვინ იცის, რა საიდუმლოს ინახავს მიწად ქცეული ფოთლების ქვეშ მოხვედრილი ქვები“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203