უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა.
„1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისათვის გამოიყოს 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან გამოიყოს 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან გამოიყოს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2020 და 2021 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
4. სოციალური პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში – გრანტი) სრული ოდენობის ფარგლებში.
5. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, სოციალური პროგრამის ფარგლებში მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრანტის სრული ოდენობისა“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
აღსანიშნავია, რომ სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ დადგენილების საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მიწოდება და ინფორმაციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.