განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში (მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური გზამკვლევი), შესული ცვლილებები 6 ძირითად ნაწილად იყოფა.
ცვლილება 1. სწავლა სწავლების ხუთი პრინციპის განსაზღვრა.
ეროვნული სასწავლო გეგმის შესავალ ნაწილში მკაფიოდ განისაზღვრა სწავლა-სწავლების 5 პრინციპი. ეს სწორედ ის პრინციპებია, რომელთა სასწავლო პროცესში განხორციელების გარეშეც წარმოუდგენელია „მოსწავლე სუბიექტის“ საგანმანათლებლო პარადიგმის საკლასო ოთახში დანერგვა.
ცვლილება 2. საფეხურეობრივი სტანდარტებისა და წლიური პროგრამების გაჩენა.
თითოეული საგნის სასწავლო გეგმა გაიყო ორ ნაწილად. პირველი ნაწილია საფეხურეობრივი სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს სავალდებულო მოთხოვნებს: რა უნდა იცოდეს მოსწავლემ, რა უნდა შეეძლოს და რა ღირებულებები უნდა ჩამოუყალიბდეს მას საფეხურის ბოლოს. მეორე ნაწილია წლიური პროგრამა. იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა და აჩვენებს სტანდარტის მოთხოვნების რეალიზების ერთ-ერთ შესაძლო გზას თითოეული სასწავლო წლისათვის. წლიური პროგრამები ცოდნის კონსტრუირების ძირეული პრინციპების დაცვითაა შემუშავებული.
ცვლილება 3. საფეხურის შედეგები; სტანდარტში გრძელვადიანი მიზნების გამოკვეთა.
სწავლა-სწავლების შედეგებს ორ კატეგორიად ყოფენ: „mastery objectives“, რომელსაც დამდგარ შედეგს ვუწოდებთ და „developmental objectives“, რომელსაც განვითარებად შედეგად მოვიხსენიებთ. მათ შორის არსებული განსხვავების გათვალისწინება არსებით მნიშვნელობას იძენს საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურირებისას და სასწავლო პროცესის დაგეგმვისას.
დამდგარი შედეგი სპეციფიკურ საგნობრივ საკითხთან გადაჯაჭვული კონკრეტული, მოკლევადიანი მიზანია, რომელიც სპეციფიკური დავალებებისაკენაა მიმართული. იგი ვიწროდ განსაზღვრულ უნარს/ცოდნას გულისხმობს, ამ მიზნის მიღწევა აღნიშნავს ნიშნულს, რომლის დაძლევის შემდეგაც სხვა ნიშნული იწყება.
განვითარებადი შედეგი უფრო ზოგადი, გრძელვადიანი მიზანია, თუმცა, იგი უფრო კონკრეტულია, ვიდრე საგნის ზოგადი მიზნები. გრძელვადიანი შედეგი აღნიშნავს უნარს/უნარებს, რომელთა განვითარება ხანგრძლივად მიმდინარეობს (მაგ., ტექსტისინტერპრეტაციაპირადან/დალიტერატურულგამოცდილებაზედაყრდნობით);თუკი დამდგარი შედეგი კონკრეტული საკითხებისა და დავალებებისკენაა მიმართული, განვითარებადი შედეგი ზოგადი განათლების უმაღლესი მიზნებისკენაა მიმართული.
მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში წლიური შედეგებისა და ინდიკატორების ნაცვლად საფეხურის შედეგები იქნა შემოტანილი. თითოეული საგნისთვის განისაზღვრა 5-14 გრძელვადიანი განვითარებადი შედეგი (developmental objectives), რომლებიც ყველა სასწავლო თემაში უნდა დამუშავდეს. სემესტრის, წლის განმავლობაში იცვლება სასწავლო თემები (შინაარსობრივი კონტექსტები), თუმცა, გრძელვადიანი მიზნები უცვლელი რჩება.
ცვლილება 4. სტანდარტის შინაარსობრივ ნაწილში ახალი სტრუქტურული ერთეულების „ცნების“ და „მკვიდრი წარმოდგენების“ გაჩენა.
მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში შინაარსის სტრუქტურირებისა და ორგანიზებისთვის ცნებები გამოიყენება. სასწავლო გეგმის მოთხოვნით ცნებები სავალდებულო თემებში უნდა დამუშავდეს.
ცვლილება 5. სტანდარტის შინარსობრივ ნაწილში ახალი სტრუქტურული ერთეულის „თემის“ გაჩენა.
მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია სავალდებული თემები, რომლებშიც სტანდარტის შედეგები უნდა დამუშავდეს. საგნების მიხედვით წლის განმავლობაში სასწავლო თემების რაოდენობა 3-დან 5-მდე მერყეობს (ზოგიერთ საგანში, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, თემებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს). თითოეული მათგანი მოსწავლისათვის ნაცნობ და შინაარსიან კონტექსტს წარმოადგენს.
ცვლილება 6. საკვანძო შეკითხვები
სტანდარტსა და წლიურ პროგრამაში კიდევ ერთი ახალი სტრუქტურული ერთეულია - „საკვანძო შეკითხვები“. წლიურ პროგრამაში თითოეულ სავალდებულო თემასთან კავშირში მოცემულია შეკითხვები, რომლებიც აძლიერებენ მოსწავლის ცნობისმოყვარეობას და ეხმარებიან მას სასწავლო მასალის ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებაში (დაწყებით საფეხურზე იმ საგნებში, სადაც სავალდებულო თემები არ არის განსაზღვრული ამგვარი შეკითხვები დ წარმოდგენები საგნობრივ გზამკვლევებშია წარმოდგენილი). საკვანძო შეკითხვები ორიენტირებულია პირობისეული ცოდნისკენ, ანუ სიღრმისეული აზროვნების გააქტიურებისკენ.
იხილეთ: პედაგოგიკური პრაქტიკის სრულყოფისთვის განათლების სამინისტრომ გზამკვლევი შეიმუშავა