სიმართლე საბავშვო ბაღში მუშაობის შესახებ - „ბავშვებთან ურთიერთობა რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენად რთულია“
11-12-2022

„თუ საბავშვო ბაღის მასწავლებელი ხართ, ალბათ, უკვე იცით ის ყველაფერი, რის თქმასაც ახლა ვაპირებ. თქვენ იცით, რა ხდება ჩვეულებრივ დღეს საბავშვო ბაღში. თქვენ იცით, რას აკეთებენ მასწავლებლები და მოსწავლეები ყოველდღე“,- ასე იწყებს თავისი მოსაზრების წერას ერთ-ერთი უცხოური საბავშვო ბაღის აღმზრდელი.

მას სურდა, რომ საზოგადოება უფრო ინფორმირებული გაეხადა, სწორედ ამიტომაც ამ საკითხს ბლოგი მიუძღვნა.

აღმზრდელის თქმით, ის ბაღში წლებია, რაც მუშაობს. ამ დროის განმავლობაში კი სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ყოველი ფეხის ნაბიჯზე აწყდება. საზოგადოების მხრიდან მომდინარე კომენტარები ძირითადად, ასეთია:

  • „ოჰ, საბავშვო ბაღში ასწავლი – ეს საკმაოდ მარტივი უნდა იყოს, არა?”
  • „მართლა მოგწონს საბავშვო ბაღი? მეგონა, რაღაც უფრო რთული სამუშაო იყო შენთვის შესაფერისი. ისეთი, სადაც მეტს გააკეთებდი ”
  • „საბავშვო ბაღი სახალისოა, შენ მათ ანბანი უნდა ასწავლო“
  • „მთელი დღე ბავშვებთან თამაში სახალისო უნდა იყოს“
  • „რატომ ვერ შემოგვიერთდები? ბაღი ხომ ადრე მთავრდება?“
  • „ისინი უბრალოდ ძალიან საყვარლები არიან და მთელი დღე თოჯინებივით ისხდებიან“

ბაღის აღმზრდელები საზოგადოების მხრიდან მსგავს დამოკიდებულებას ხშირად ხვდებიან, მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? როგორც ბლოგი ავტორი წერს, ადრე მსგავსი გამონათქვამების გამო ძალიან ღიზიანდებოდა, სიმართლე კი ის არის, რომ ხალხს წარმოდგენაც არ აქვს, ბაღის მასწავლებლები ყოველ დღე რამდენს შრომობენ.

„ადრე (და ხანდახან ახლაც) ვღიზიანდებოდი ამ კომენტარების გამო და ვგრძნობდი, რომ ჩემი თავი და სხვა მასწავლებლები ყველგან უნდა დამეცვა. შემდეგ მივხვდი, რომ ადამიანები, რომლებიც მსგავს ფრაზებს ამბობდნენ, ამას კრიტიკოსის გადმოსახედიდან არ აკეთებდნენ. მათ უბრალოდ საბავშვო ბაღის შესახებ სიმართლე არ იცოდნენ“,- წერს ბაღის აღმზრდელი.

სინამდვილე ის არის, რომ ბაღში მუშაობა მარტივი სულაც არ არის. აღსაზრდელების ნაწილს თავიდან, გარემოსთან შეგუება ძალიან უჭირს. ეს პროცესი კი რიგ შემთხვევაში შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. მათ არ იციან, როგორ შეასრულონ ესა თუ ის მითითება, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდებათ.

მათ მასწავლებელმა არამხოლოდ კონკრეტული აქტივობების შესრულება, არამედ ემოციების მართვა, თანატოლებთან ურთიერთობა და გადაწყვეტილებების მიღება უნდა ასწავლონ. ეს ყველაფერი კი მარტივი სულაც არ არის. პროცესი დროში გაწელილია და პედაგოგებს ყოველდღიური მძიმე სამუშაოს შესრულება უწევთ.

საზოგადოების რაღაც ნაწილს წარმოუდგენია, რომ საბავშვო ბაღში ადამიანები „იძულებით“ მუშაობენ და მათ ეს სამსახური არ მოსწონთ. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი შეხედულებაა.

ზოგიერთი აღმზრდელისათვის ბაღი ნამდვილად მოწოდება და ოცნების სამსახურია. ისინი ბავშვებთან ურთიერთობით უდიდეს ენერგიას იღებენ.

თუმცა, რაც შეეხება იმას, რომ ბავშვებთან მთელი დღე მხოლოდ უნდა ითამაშო და მათთან ურთიერთობა მხოლოდ სახალისოა - სიმართლეს არ შეესაბამება.

ხშირად, ტერმინი „თამაში“ სწორად არაა გაგებული. თამაში სხვადასხვა აქტივობას მოიცავს, რაც მხოლოდ ბავშვების შემდგომ განვითარებაზეა ორიენტირებული. ამიტომაც თამაში ყოველთვის დახუჭობანას ან კუბიკების აწყობას არ ნიშნავს.

ბაღში სამუშაო, სხვა სამსახურებთან შედარებით, ძალიან ადრე სულაც არ მთავრდება. შეიძლება ბავშვები ადრე წავიდნენ, თუმცა მასწავლებლებს საქმე აქვთ. მათ მომდევნო დღის აქტივობები და დღისწესრიგი უნდა დაგეგმონ. ასევე, მოამზადონ ოთახი, საბუთები მოაწესრიგონ და რიგი სიტუაცია განიხილონ. ასე რომ, სამუშაო დღე ადრე არ სრულდება.

ბლოგის ავტორი წერს, რომ ბავშვებთან ურთიერთობა რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენად რთულია, რადგან მათი ხასიათი ყოველწუთიერად იცვლება. ისინი შეიძლება მოულოდნელად ცუდ ხასიათზე დადგნენ, იტირონ ან იჩხუბონ - ამ დროს კი მასწავლებელმა შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაღის მასწავლებლების სამუშაო მარტივი ნამდვილად არ არის და ამ მხრივ, საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203