ეროვნულების შედეგად უმაღლესში ჩარიცხული სტუდენტების ნაწილს სამინისტროს სტიპენდია დაენიშნება
11-08-2022

საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ. ახალი სასწავლო წლიდან თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილების გარდა, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები, ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანები ან მათი შვილებიც სასწავლო გრანტით ისარგებლებენ.

სასწავლო გრანტით დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტებს. სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების პროექტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიცირებული სიახლე, მთავრობის დადგენილებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერის საფუძველზე, უკვე მიღებულია და 2022-2023 სასწავლო წლიდან შევა ძალაში.

ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროს მიღებული გადაწყვეტილებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის - 2250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ ენიშნებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203