მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ კურსდამთავრებულებს, უმაღლესში ჩარიცხვის შემთხვევაში, სწავლას სახელმწიფო დაუფინანსებს.
ამ საკითხს საქართველოს მთავრობის დადგენილება არეგულირებს და მას ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
საუბარია 226 სტუდენტზე, „რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხით“ გათვალისწინებულ დასახლებაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; გურიის რეგიონში; იმერეთის რეგიონში; კახეთის რეგიონში; მცხეთა-მთიანეთის რეგიონში; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონში; ქვემო ქართლის რეგიონში; შიდა ქართლის რეგიონში). ამ პუნქტით გათვალისწინებული დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა პროპორციულად განაწილდება ამ კატეგორიის სტუდენტთა მიერ თითოეული რეგიონის მიხედვით შემოსული განცხადებების რაოდენობის შესაბამისად“, - აღნიშნულია დოკუმენტში.