მასწავლებლები გამოცდის შედეგებს ელოდებიან, რომლებიც, აგვისტოს შუა რიცხვებში გამოქვეყნდება, მანამდე კი ბექა უმარაშვილი, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს, სკოლები უსტატუსო პედაგოგების მონაცემებს სამინისტროს უგზავნიან, შედეგად კი მათ უფროსის სტატუსი მიენიჭებათ:
„მეგობრებო მოგესალმებით!
არ ვიცი რამდენი თქვენგანი არის საქმის კურსში, იმის თაობაზე, რომ მიმდინარეობს უსტატუსოდ დარჩენილი პედაგოგების წარდგენა უფროსის სტატუსის მისანიჭებლად. სკოლა შუამდგომლობას უწევს ასეთ პედაგოგს და მათ განცხადებებს (დიპლომებით და სერტიფიკატებით თანდართულს) უგზავნიან სამინისტროს, დიდი ალბათობით ეს პედაგოგები მიიღებენ სტატუსს. ახლა მე მაქვს კითხვა, მე, რომელიც 2 წელია სხვადასხვა გამოცდაზე გავდივარ დასაქმების მიზნით რა ვქნა? რა საჭიროა გამოცდა თუ მას არ აქვს რაიმე ღირებულება? მესმის უსტატუსოდ დარჩენილი პედაგოგების დახმარება გინდათ (განათლების სამინისტრო), მაგრამ იფიქრეთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებსაც მოტივაციითა და ენთუზიაზმით აღსავსეებს გარეთ ტოვებთ!!!!
დარწმუნებული ვარ იქნებით ამ ჯგუფში ისეთი ადამიანები, რომლებსაც ეს საკითხი გაღელვებთ“, - აღნიშნულია ფეისბუქ-პოსტში.
რამდენად შეესაბამება ინფორმაცია სიმართლეს, Etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა. მასწავლებლის სახლის ცხელ ხაზზე განგვიმარტეს, რომ მინისტრი ანიჭებს სტატუსს დამსახურებულ პედაგოგებს და ეს შარშანაც ასე მოხდა:
„ალბათ დამსახურების მიხედვით სტატუსის მინიჭებაზე საუბრობთ... დიახ, თუ მასწავლებლებს ჰყავს წარჩინებული მოსწავლეები, აქვს ბევრი აქტივობა, არის დამსახურებული პედაგოგი... მინისტრის ბრძანების საფუძველზე მიენიჭებათ სტატუსი“.
მინისტრი ინდივიდუალური ბრძანების საფუძველზე მასწავლებლებს, დამსახურების მიხედვით სტატუსს რომ უმაღლებს, აქ სიახლე არაფერია; ბრძანაებაში, შავით თეთრზე წერია - „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება მიენიჭოს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი.
სქემის მიხედვით, მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას, რომელიც შეიმუშავებს და ამტკიცებს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს.“... მაგრამ მაშინ, როდესაც ათასობით პედაგოგი გამოცდის შედგებს, სტატუსის ცვლილებას ელის?