ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი ბორჯომელი გიორგი ბერიძე მერიისგან სტიპენდიას მიიღებს
15-08-2022
საქართველოს ეროვნული ინტელექტ - ჩემპიონატი „ეტალონი“ წლებია მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე დგას და წლებია მთავარ მიზანს - წიგნიერი მომავალი თობის აღზრდას ერთგულად ემსახურება. ყველაზე სასიხარულო კი ისაა, რომ პროექტი დღემდე აქტუალურია მოსწავლეებს შორის, აქ მიღწეული შედეგები კი, როგორც წესი, ტრამპლინად იქცევა ხოლმე წარმატებისკენ სავალ გზაზე, რისი დასტურიცაა არაერთი ფაქტი. 

20 ივლისს ინტელექტ - ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურ ფორმატში გაიმართა, რომელშიც 29 მუნიციპალიტეტის და  აფხაზეთის ა/რ „ეტალონი“ მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„ეტალონის“ ერთგული მხარდამჭერები ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გახლავთ, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა განათლებული ახალგაზრდების მომავლისთვის.

კონკურსში მეორე ადგილი, ბორჯომის N4 საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი ბერიძემ დაიკავა. „ეტალონის“ სულისჩამდგმელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა მას დიპლომი და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით 800-ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი გადასცა.

ბორჯომის მერის ოთარ არბოლიშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისგან ერთი წლის განმავლობაში, სტიპენიდიის სახით, ყოველ თვე 150 ლარს მიიღებს.

Etaloni.ge მუნიციპალიტეტის მერს, ოთარ არბოლიშვილს ესაუბრა, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა არაფორმალურ განათლებაში მნიშვნელოვანია:

„გიორგი ბერიძეს მეტი სტიმულისა და წახალისებისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი წლის განმავლობაში ყოველ თვე 150 ლარიანი სტიპენდია დაუნიშნა. ვფიქრობ, არაფორმალური განათლების კუთხით ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან პროექტის მხარდაჭერა და ჩართულობა დადებით შედეგს იძლევა. მსგავსი წახალისება მომავალი თაობისთვის სტიმულია და ამით მეტ წარჩინებულ ახალგაზრდას მივიღებთ.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ბავშვებისთვის ძალიან კარგი პროექტია და ბევრ კარგ ახალგაზრდას მოტივაციას უჩენს. ჩვენი მუნიციპალიტეტი პროექტის მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს“.

საკუთარ ემოციებსა და პროექტის მნიშვნელობაზე, გიორგი ბერიძემ
, „ბორჯომის ეტალონმა მოსწავლემ“ ისაუბრა, რომლის ცხოვრებაშიც პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს:

„ჩემთვის „ბორჯომის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი და ამხელა კონკურსში, სადაც უამრავი მოსწავლე მონაწილეობდა, მეორე ადგილის დაკავება დიდი წარმატებაა, ვინაიდან ჩემმა შრომამ, მეცადინეობაზე დახარჯულმა დრომ შედეგი გამოიღო. მოხარული ვარ, რომ ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ჩემთვის სპეციალურად ჩამობრძანდა ბორჯომში - ეს დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული. მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა ოთარ არბოლიშვილმა სტიპენდია დამინიშნა, რაც ჩემთვის დამატებითი მოტივაციის საფუძველია. მსგავსი ჯილდოები ვფიქრობ, მოსწავლეებს წაახალისებს, რათა განვითარდნენ, მეტი წაიკითხონ და იმეცადინონ. „ეტალონი“ ჩემთვის მოტივაცია და განვითარების საფუძველია. პროექტმა მომცა ცოდნა და ამ კონკურსის საშუალებით ისეთი გამოცდილება დავაგროვე, რომელიც მომავალი წარმატების მიღწევაში აუცილებლად დამეხმარება. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს მიღწევაში დედაჩემს დიდი წვლილი აქვს“.

საუბარში, გიორგის დედა - ნატო ბეშკენაძე ჩაერთო, რომელიც იმავდროულად, ბორჯომის N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი გახლავთ:

„უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონი“ და izrune.ge, რომელშიც გიორგი უკვე მესამე წელია ჩართულია ნამდვილად ეროვნული, მამულიშვილური პროექტებია. საქართველოს ეროვნული ინტელექტ - ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლის განათლებაზეა ორიენტირებული და მის განვითარებას უწყობს ხელს. გიორგი ჩვენი სკოლიდან უკვე მეოთხეა, რომელმაც შეძლო „ბორჯომის ეტალონი მოსწავლე“ გამხდარიყო. როცა ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ჩვენს სკოლაში მობრძანდა, გიორგი მეშვიდეკლასელი იყო იმ დროს თქვა გიორგიმ, რომ მისი მიზანი პროექტში მონაწილეობა იყო. ერთი სული ჰქონდა, მერვეკლასელი გამხდარიყო, რათა „ეტალონში“ ჩართულიყო.

ჩემი შვილის დაჯილდოებას მეც დავესწარი და ეს ძალიან ემოციური იყო... მშობლისთვის შვილის წარმატება დიდი ბედნიერებაა. მინდა ვთქვა, რომ ასეთ წარმატებაში ცოტა იღბალიც საჭიროა. იმდენად გახარებული და აღფრთოვანებული ვარ, რომ მიჭირს საუბარიც კი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო განალებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და ჩვენს მერს, ოთარ არბოლიშვილს. ეს ჯილდოები ყოველთვის მოსწავლის მოტივაციისკენ არის მიმართული. შრომა, როდესაც ასეთი სახით ფასდება ბავშვსაც მეტად უჩნდება სწავლის და წინსვლის სურვილი.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, გიორგი izrune.ge-ში აქტიურად მონაწილეობს. ვფიქრობ, არაჩვეულებრივი პროექტია და ყველა მშობელს მოვუწოდებ შვილები ჩართონ. ყოველ კვირას მოგვეწოდება, თუ რა უნდა წაიკითხოს ასაკობრივად და ამით ბავშვი კიდევ უფრო ვითარდება. ახლანდელმა ბავშვებმა რატომღაც დაივიწყეს, რომ წიგნი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კომპიუტერი... რა თქმა უნდა ესეც ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ წიგნი შეუცვლელია. ეს პროექტები კი ბავშვებს წიგნების სიყვარულს ასწავლის და აკეთილშობილებს. სწორედ ამას ემსახურება „ეტალონი“ და izrune.ge“.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203