პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა მთავრობის მეთაურთან ერთად პროექტის დეტალები განიხილეს.
პროექტის თანახმად, დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.
პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
როგორც სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, განათლებაზე ზრუნვა მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია.
პროექტის ღირებულება 1 მლრდ ლარს შეადგენს.